"ეს ამბავი კიდევ ერთი მაგალითია ყველა ჩვენი მოქალაქისთვის, ისაც ჰქონდა განწყობა (მათ აზრს, რა თქმა უნდა, პატივი უნდა ვცეთ) რომ მიუხედავად ყველაფრისა ეს რეჟიმია და მისი ალტერნატივები, შეიძლება, არ არის უკეთესი, ან იყოს მოტყუებული პროპაგანდის მიერ, რომ ახლა საფრთხე არის და სჯობს, ისეთი რეჟიმი გვყავდეს, რომელიც რუსეთს არ გააღიზიანებს (ეს არის ივანიშვილის რეჟიმის მთავარი ცრუ და უსინდისო პროპაგანდა ადამიანების ნორმალურ შიშზე დამყარებული) არა, მეგობრებო, პირიქით არის ყველაფერი, ამ რეჟიმის ყოფნის ყველა დღე ჩვენს საფრთხეებს ზრდის ჩვენი მტრის წინაშე. პუტინის რეჟიმი უკრაინაში სრულად ან მნიშვნელოვანწილად დამარცხდება, მაგრამ ეს საფრთხე არ გაქრება და თუ ეს რეჟიმი გვეყოლება შემდეგ პერიოდში, ჩვენ ვიქნებით უზარმაზარი საფრთხის წინაშე, რომ მარტო აღმოვჩნდეთ ამ უზარმაზარი ბოროტების წინ, როგორც ვიყავით 90-იანების დასაწყისში", - ამის შესახებ ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერიამ რუსი ოკუპანტების მიერ გავრცელებულ ვიდეოს შესახებ ჩატარებულ ბრიფინგზე განაცხადა, ვიდეოში ჩანს, რომ უკრაინაში მებრძოლი ქართველი სამხედროს, მიხეილ ქამხაძის პირადი დოკუმენტები მათ ხელშია.
მისი თქმით, ქვეყნის მტერს, ოკუპანტს, რომელიც მთავარი საფრთხეა თავისუფალი სამყაროსთვის, დიდი ალბათობით, ხელში აქვს დოკუმენტი, რომელიც უნდა ინახებოდეს საქართველოს სახელმწიფო უწყებებში - ამ შემთხვევაში, თავდაცვის სამინისტროში და რომელიც არ უნდა იყოს ხელმისაწვდომი მტრისთვის. ბოკერიამ ასევე ისაუბრა მსგავს შემთხვევებზე, რომლებსაც ქართული ოცნების მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია.
"ეს არის კიდევ ერთი შემთხვევა ბევრი შემთხვევის წყებაში - წლების განმავლობაში, რაც ივანიშვილის რეჟიმია ხელისუფლებაში, ჩვენ მსგავსი ვითარებები გვქონდა და ეს დაიწყო ძალიან ადრე - ივანიშვილის რეჟიმის ხელისუფლებაში მოსვლიდან მალევე რუსულ პრესაში მთელი წყება გამოქვეყნდა ავთენტური დოკუმენტებისა, რომლებიც ჩვენს სპეცსამსახურებს ეკუთვნოდა. ამის მერე იყო ცერცვაძის საქმე, იყო უამრავი სხვა შემთხვევა, ჩვენ გვქონდა შემთხვევა, როდესაც საქართველოში, თბილისში უდიდესი ალბათობით, ყველა ლოგიკით, რუსეთის სპეცსამსახურებმა კინაღამ მოკლეს საქართველოს სპეცსამსახურების ყოფილი ოფიცერი, საქართველოს პატრიოტი ხანგოშვილი, რომელსაც შემდეგ დატოვება მოუწია საქართველოსი, იმიტომ, რომ აქ დაცული არ იყო. ამ თავდასხმის გამოძიება არც მომხდარა, კამერების ფირები გაქრა". - ამბობს ის.
გიგა ბოკერიას თქმით, მისთვის, როგორც მოქალაქისა და ოპოზიციის წარმომადგენლისთვის დიდი ხანია, არსებობს ეჭვზე მეტი საფუძველი, იფიქროს, რომ სპეცსამსახურების მაღალი თანამდებობის პირებსა და მტრის, რუსეთის სპეცსამსახურებს შორის პირდაპირი კონტაქტი არსებობს. თუმცა, ევროპული საქართველოს თავმჯდომარე მიმართავს მოქალაქეებს, რომლებიც, შესაძლოა, თვლიდნენ, რომ ოპოზიცია მიკერძოებულია, არ იყვნენ კრიტიკული და ამბობდნენ, რომ რუსეთის სპეცსამსახურები მთელ მსოფლიოში მოქმედებენ და შესაძლოა, ასეთი რამ [დოკუმენტების მათ ხელში მოხვედრა] მოხდეს.
"ხელისუფლებაში არის რეჟიმი უკვე 10 წელზე მეტია და მთელი ამ წლების განმავლობაში არ არსებობს არცერთი შემთხვევა რუსეთის სპეცსამსახურების ქმედებების მხილებისა საქართველოს ტერიტორიაზე, მაშინ, როცა აღმოსავლეთ ევროპაში, დასავლეთ ევროპაში, ამერიკაში მთელი ამ წლების განმავლობაში გვქონდა არაერთი გახმაურებული შემთხვევა, როდესაც იქნა ასეთი ოპერაცია ჩატარებული. ჩვენ ხელთ გვაქვს მათივე წრიდან გამოჟონილი საბუთები, რომ სპეცსამსახურების პრიორიტეტი არის შიდა პოლიტიკური და პროდასავლური ოპონენტების ან მედიის, საზოგადოების, ჩვეულებრივი მოქალაქეების მიმართ უკანონო თვალთვალი. რეჟიმმა საწყისშივე მიიღო გადაწყვეტილება, გაეთავისუფლებინა რუსეთის სპეცსამსახურების წარმომადგენლები ან მათთან ჯაშუშობაში მხილებული ადამიანები მათი საქმეების ყოველგვარი სერიოზული განხილვის გარეშე, ისე, რომ ჩვენი მოქალაქეები, რომლებიც იყვნენ ცრუ დაზვერვების ბრალდებით დაკავებული, ჩატოვეს რუსეთის ციხეებში.
აი, ამ ამბების ეს ერთობლიობა ნებისმიერ გონიერ ადამიანს ერთადერთ დასკვნას აკეთებინებს - არის ან პირდაპირი კავშირი ჩვენს მტერთან ან არის პირდაპირი პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ მათ არ დაუპირისპირდნენ ან მისცენ საშუალება, იმოქმედონ. ამ ორს შორის ზღვარი არის პირობითი. თუ არ მუშაობ მტრის წინააღმდეგ, მაშინ მუშაობ მტრისთვის, როცა საქმე არის სპეცსამსახურებზე და პოლიტიკურ ხელისუფლებაზე. თუ ამას ჩავსვამთ ივანიშვილის ხელმძღვანელობით მთელი ამ წლების განმავლობაში მიმდინარე პროცესის კონტექსტში, რომ ეს ადამიანი, ივანიშვილი და მისი გარემოცვა თავისი ძალაუფლებისა და ქონების შენარჩუნებისთვის ჩვენ ყველა სიხშირეზე გვტოვებს მარტო ყველაზე საშიშ, ბოროტ მტერთან - პუტინის რუსეთთან, იმ ქვეყანასთან, რომელიც ქვეყნის არსებობისთვის, ჩვენი სიცოცხლისთვის, რომელმაც ჩაგვიტარა გენოციდი და რომელიც არის სისასტიკის მაგალითი თანამედროვე სამყაროში, თუ ამას არ ჰქვია ქვეყნის ღალატი, როცა შენი პირადი ინტერესებისთვის შენი ქვეყნის ბედით ვაჭრობ და მათ სიცოცხლეს, სუვერენიტეტს, სახელმწიფოებრიობას და ადამიანების ბედს უტოვებ მტერს თავისუფალი სამყაროს მხარდაჭერის გარეშე, სხვას რას შეიძლება, ღალატი ერქვას?" - ამბობს ის.