შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წამყვანი რესპუბლიკელი წევრი ჯიმ რიში რუსეთ-საქართველოს ომის დაწყებიდან მე-14 წლისთავს ეხმიანება.
"გუშინ გავიდა 14 წელი მას შემდეგ, რაც რუსეთი შეიჭრა საქართველოში. სუვერენიტეტის ამ შელახვამ და მსოფლიოს სუსტმა რეაქციამ მიგვიყვანა დაუსჯელობამდე, რომელიც პუტინმა იგრძნო და შეიჭრა უკრაინაში ორჯერ, დაეხმარა ასადს სირიაში, შექმნა "ვაგნერის" დაქირავებული მებრძოლები და ბელარუსზე დე ფაქტო კონტროლი დაამყარა", - წერს სენატორი რიში "ტვიტერში".
რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომიდან 14 წელი გავიდა. ომს საქართველოს მხრიდან 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 169 სამხედრო და 19 პოლიციელი ემსხვერპლა. 150 000-ზე მეტი ადამიანი იძულებული გახდა საკუთარი სახლი მიეტოვებინა. დაიჭრა 1700-ზე მეტი ადამიანი.