ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი ფორმულასთან ექსკლუზიურ ინტერვიუში საუბრობს მის შეხვედრაზე ბიძინა ივანიშვილთან, რომლის შესახებაც თავად მმართველი პარტიის დამფუძნებელმა და ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, გაავრცელა ინფორმაცია.
ელჩი ამბობს, რომ ეს იყო შეხვედრა გავლენიან ქართველთან და ის ცდილობს შეხვდეს ბევრ განსხვავებულ ადამიანს. კელი დეგნანმა თავი შეიკავა იმის თქმისგან, რა შეიძლება ყოფილიყო ივანიშვილის მოტივაცია, როცა მან პირადი, დახურული შეხვედრის შესახებ ინფორმაცია გაასაჯაროვა.
"არ მსურს ბატონ ივანიშვილის მოტივებზე ვარაუდების გამოთქმა. ჩვენ როგორც წესი, არ ვასაჯაროებთ პირად შეხვედრებს, იქნება ეს ბატონ ივანიშვილთან თუ ვინმე სხვასთან. უბრალოდ დიპლომატიისთვის არ არის მიღებული წესი, ასე მოიქცეს, თუკი მეორე მხარეს ურჩევნია რომ ინფორმაცია არ გასაჯაროვდეს. როგორც კი გაირკვა, რომ ბატონი ივანიშვილი თავად საუბრობდა ამ შეხვედრაზე, მე დავადასტურე, რომ ჩვენ შევხვდით და ვისაუბრეთ ამერიკა-საქართველოს პარტნიორობაზე და მრავალი სხვა სფეროს შესახებ, სადაც ამერიკა ცდილობს მხარი დაუჭიროს საქართველოს განვითარებას. ცხადია, ბატონი ივანიშვილი ძალიან გავლენიანი ქართველია, ძალიან წარმატებული ბიზნესმენია და ამიტომ ნორმალურია, რომ გვსურს მასთან შეხვედრა, როგორც ბევრ სხვა საქართველოს მოქალაქესთან. სინამდვილეში სწორედ ეს არის დიპლომატების საქმიანობა, ჩვენი ამოცანაა შევხვდეთ, რაც შეიძლება ბევრ სხვადასხვა წარმომადგენელს ამ ქვეყანაში", - თქვა კელი დეგნანმა.