გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში მოითხოვს, დაუყოვნებლივ შეწყდეს თავდასხმები ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგუზე და წვდომა მიეცეს საერთაშორისო ინსპექტორებს.
"ნებისმიერი თავდასხმა ატომურ ელექტროსადგურზე თვითმკვლელობის ტოლფასია", - თქვა გუტერეშმა 8 აგვისტოს, იაპონიაში გამართულ პრესკონფერენციაზე, სადაც მან მონაწილეობა მიიღო ჰიროსიმას ატომური დაბომბვის 77-ე წლისთავის აღსანიშნავ ღონისძიებებში.
"იმედი მაქვს, რომ თავდასხმები შეწყდება და ასევე ვიმედოვნებ, ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტო შეძლებს ელექტროსადგურზე წვდომას", - თქვა გუტერეშმა ისე, რომ არც ერთი მხარე არ დაუდანაშაულებია ელექტროსადგურზე თავდასხმაში.
"სრულად ვუჭერთ მხარს ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ძალისხმევას, რათა შეიქმნას პირობები ზაპოროჟიეს ელექტროსადგურის სტაბილურობისთვის", - დასძინა გაეროს გენერალურმა მდივანმა.
გუტერეშმა ასევე აღნიშნა, რომ ათწლეულების შემდეგ კვლავ დაბრუნდა ბირთვული დაპირისპირების რისკი და მოუწოდა ბირთვულ ძალებს, არ გამოიყენონ იარაღი.
"ვფიქრობ, თუ ბირთვული იარაღი იქნება გამოყენებული, დიდი ალბათობით, აღარ იარსებებს გაერო, რომელიც რეაგირებას მოახდენს ამაზე", - თქვა გუტერეშმა იაპონელი ჟურნალისტის კითხვაზე, რა რეაგირება ექნებოდა გაეროს, თუ რუსეთი უკრაინაში ბირთვულ იარაღს გამოიყენებდა.
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ხელმძღვანელმა რაფაელ გროსიმ 6 აგვისტოს სერიოზული შეშფოთება გამოთქვა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დაბომბვის გამო და განაცხადა, რომ ეს აჩენს ბირთვული კატასტროფის "ძალიან რეალურ რისკს".
ატომურ ელექტროსადგურზე შექმნილ რთულ ვითარებასთან დაკავშირებით, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა უფრო მეტი რეაგირებისკენ.
ზელენსკის თქმით, საჭიროა სანქციები რუსეთის ატომური ინდუსტრიის წინააღმდეგ, ასევე რუსული ბირთვული საწვავის გამოყენების წინააღმდეგ.