"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე ეხმიანება სახალხო დამცველის განცხადებას, რომელმაც კომენტარი გააკეთა მმართველი პარტიის მიერ გამოთქმულ ბრალდებებზე ქსენოფობიასთან დაკავშირებით.
მდინარაძის თქმით, "ამ ქსენოფობიურ კამპანიაში სახალხო დამცველიც ჩაერთო".
ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ ჩვენი ქვეყნის სახალხო დამცველი ამართლებს ამ ქსენოფობიურ კამპანიას და ამით, პრაქტიკულად, ერთვება მასში. სახალხო დამცველი ერთვება ქსენოფობიურ კამპანიაში, წარმოიდგინეთ. და საიდან მოიტანა ეს სიტყვა "სიყვარული" ნამდვილად, ვერ გავიგე. მხოლოდ სპეკულაციისთვის სჭირდებოდა. ვინ სთხოვა ვინმეს ან სიყვარული, ან სიყვარულის დადასტურება, რა სიგიჟეა საერთოდ?! საუბარია მხოლოდ იმ პრობლემაზე, რომ რომელი ქვეყნის წარმომადგენელიც არ უნდა იყოს და რასაც არ უნდა შვრებოდეს მისი ქვეყანა თუ მისი ხელისუფლება, ეროვნული და ეთნიკური ნიშნით ადამიანების განსხვავება და მათზე თავდასხმების მოწოდება კიდევ ზემოდან, არის სიბნელე, ქსენოფობია და წარმოუდგენელი რამ თანამედროვე, ცივილიზებულ სამყაროში...
სამწუხაროდ, ჩვენ სახალხო დამცველი არ გვყავს. ეს არის ნაცების სახალხოდ დამცველი არანაირი სახალხო დამცველი, სამწუხაროა, რომ ამის თქმა მიწევს, საქართველოში არ არის. ადამიანი, რომელიც ქსენოფობიურ კამპანიას აწარმოებს - ამართლებს მათ და ამით აწარმოებს ქსენოფობიურ კამპანიას, რაღაც სიტყვებს ითხოვს ამის გასამართლებლად, „არ უყვარდეთ, გასაგებია“ და ა.შ, ვინ მოსთხოვა სიყვარული, როცა ქსენოფობიასა და მისგან გამიჯვნაზეა ლაპარაკი, ნამდვილად ვერ ვხვდები. შესაბამისად, ამ ადამიანის მოწოდებებია ერთია და მეორეა, რომ ჩვენ 90 ხმა გვჭირდება, დამოუკიდებლად 80 დეპუტატი ამ გადაწყვეტილებას ვერ მივიღებთ და ბუნებრივია, კონსენსუსი ოპოზიციასთან იმისთვის, რომ სახალხო დამცველი ავირჩიოთ და ამ არჩევას, იმედია კომპრომისის გზით ოპოზიციის წარმომადგენლებთან ერთად მივაღწევთ", - თქვა მდინარაძემ.
შეგახსენებთ, სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას შეფასებით, გასაკვირი არ არის, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოში, რუსეთისა და რუსების მიმართ საქართველოს მოქალაქეებს ნეგატიური განწყობა ჰქონდეთ. ლომჯარიას განცხადებით, ბუნებრივია, რომ საქართველოს მოქალაქეებმა რუსების მიმართ სიყვარული არ გამოხატონ.