საქართველოს სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას შეფასებით, გასაკვირი არ არის, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოში, რუსეთისა და რუსების მიმართ საქართველოს მოქალაქეებს ნეგატიური განწყობა აქვთ.
ამავდროულად, სახალხო დამცველი გამოეხმაურა ხელისუფლების განცხადებებს, რომლის თანახმადაც, საქართველოს მოქალაქეების ნეგატიური განწყობა ქსენოფობიადაა შეფასებული. ნინო ლომჯარიას თქმით, ქსენოფობია მიუღებელია და სახალხო დამცველის აპარატი მზადაა, მიმართვის შემთხვევაში შესაბამისი დასკვნაც მოამზადონ.
ამასთან, ლომჯარიას თქმით, ამ დროისთვის, რუსეთის მოქალაქეების მიმართ ქსენოფობიური დამოკიდებულის მტკიცებულებები არ აქვთ.
"ამ წუთას მე არ მაქვს ასეთი მტკიცებულებები, ნამდვილად და ვერ დავადასტურებ, ჩვენ არ მოგვრიდებია არასდროს არცერთ არაპოპულარულ თემაზე მსგავსი განცხადებების გაკეთება. მე არ მაქვს ნამდვილად ინფორმაცია, რომ ქსენოფობია არის. თუმცა კიდევ ერთხელ, 8 აგვისტო მოდის, ჩემთვის გასაკვირია, რატომ უკვირთ ამ ქვეყანაში, რომ იქ სადაც 300 000-ზე მეტი დევნილია, ათასობით ადამიანი დაიღუპა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტების შედეგად ბოლო ათწლეულების განმავლობაში, და როდესაც დღეს რუსეთი არის აგრესორი ქვეყანა, თავს დაესხა სუვერენულ სახელმწიფოს უკრაინაში, ცოტა არ იყოს და მიკვირს რატომ უკვირთ პოლიტიკოსებს, მომმართველი პარტიიდან, რომ შესაძლებელია საქართველოს მოქალაქეებს ჰქონდეთ ნეგატიური განწყობები რუსეთის ხელისუფლების და იმ მოქალაქეების მიმართ, რომლებიც შეიძლება იბრძოდნენ ამ ქვეყნის წინააღმდეგ, ან მომავალში, როდესაც მათ სახელმწიფო ან მათი ხელისუფლება დაუძახებთ, იბრძოლონ ამ ქვეყნის წინააღმდეგ, ამიტომ ეს ძალიან ბუნებრივია, რომ შეიძლება სიყვარული არ გამოხატონ მოქალაქეებმა, მაგრამ რა თქმა უნდა, ეს არ უნდა გადაიზარდოს არცერთ შემთხვევაში უკანონო ფორმებში", - თქვა ნინო ლომჯარიამ.
სახალხო დამცველის ამ განცხადებამდე საგანგებო ბრიფინგი გამართა "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, სადაც მან განაცხადა, რომ ცდილობენ საქართველოში გააღვივონ ქსენოფობია, რისი მიზანიც ქვეყნის ომში ჩათრევაა.