ქსენოფობია ანუ განსხვავებულის მიმართ შიში და სიძულვილი არის ის, რაზეც დგას ივანიშვილის რეჟიმი, როდესაც საკუთარ მოქალაქეებს ანსხვავებს სხვადასხვა ნიშნით და უმცირესობების მიმართ სიძულვილზე აგებს თავის პოლიტიკას. მტრული სახელმწიფოს, პუტინის რუსეთის მოქალაქეების დიდი რაოდენობით ქვეყანაში შემოსვლაზე რეაქცია, მაშინ როცა არ გყავს ხელისუფლება, რომელსაც ეროვნული ინტერესები აქვს დასაცავი, თვითონ ასე არ თვლის, საქართველოს პატრიოტი მოქალაქის ბუნებრივი ინსტიქტია, - ასე ეხმაურება "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარე, გიგა ბოკერია ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას, სადაც მან საქართველოს მოქალაქეების ქსენოფობიაში დაადანაშაულა.
"წარმოიდგინეთ ისტორიული მაგალითი, ლონდონში მეორე მსოფლიო ომის დროს ბევრი გერმანელი რომ ჩასულიყო და პაბებში გერმანულად სიმღერა დაეწყოთ, რა რეაქცია ექნებოდა გაერთიანებული სამეფოს საზოგადოებას?! ამიტომ ამ შემთხვევაში ქართული საზოგადოების ქსენოფობიაში დადანაშაულება უსინდისო ტყუილია, აქ ეთნიკურ წარმოშობაზე არაა ლაპარაკი, ლაპარაკია მტრული სახელმწიფო მოქალაქეებზე და მათი დიდი რაოდენობით ჩვენს სახელმწიფოს ტერიტორიაზე შემოსვლაზე მაშინ, როცა ხელისუფლება არ იცავს ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს.
სტანდარტულზე მეტი მოქალაქეა შემოსული, არა მხოლოდ საქართველოში არამედ მთელ მსოფლიოში ომის შემდგომ დაიძრა ხალხი, იმიტომ რომ სანქციების გამო მათი კომფორტული ცხოვრება დაირღვა. მე აქ არ ვგულისხმობ პუტინთან დაპირისპირებულ ადამიანებს, რომლებიც დევნილები არიან, ისინი უნდა მივიღოთ ყველგან, რუსები იქნებიან, ბელორუსები თუ სხვა, მაგრამ ამ შემთხვევაში საუბარია მოქალაქეებზე, ვინც უბრალოდ გაერიდა ამ რეჟიმს.
ევროკავშირის ქვეყნებმა, რომელთა ქსენოფობიაში დადანაშაულება რთულია, შეუძლებელიც კია, შეზღუდეს რუსეთის მოქალაქეების საკუთარ ქვეყნებში დიდი რაოდენობით შესვლა, მაგალითად ბალტიისპირელებმა, იმიტომ რომ ეროვნული უსაფრთხოების საკითხია და არაფერ შუაში არ არის წარმოშობის გამო ადამიანის ზიზღი.
მათი უკონტროლოდ საგრძნობი რაოდენობით, სტანდარტულზე მეტის შემოსვლა და დარჩენა, ტურისტები არ იგულისხმება, ვინც რჩებიან ან ბიზნესს აწარმოებენ, განსაკუთრებული ყურადღების საგანი უნდა იყოს მინიმუმ ნებისმიერი ნორმალური ხელისუფლებისთვის, ხოლო როცა ასეთი არ გყავს, მაშინ ეს იწვევს საზოგადოების სერიოზულ შეშფოთებას, ეს ბუნებრივი და ნორმალური ამბავია", - განაცხადა გიგა ბოკერიამ.