კიევი აღაშფოთა საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციის, Amnesty International-ის ანგარიშმა, სადაც საუბარია უკრაინელი სამხედროების მიერ სამხედრო ტექნიკის სამოქალაქო რაიონებში განლაგების თაობაზე, რომელიც ორგანიზაციის თქმით, საფრთხეს უქმნის მშვიდობიან მოსახლეობას.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, Amnesty International-ი ცდილობს შექმნას"ცრუ ბალანსი დამნაშავესა და მსხვერპლს შორის", თავდამსხმელ და თავდაცვის მდგომარეობაში მყოფ ქვეყანას შორის.
"შეწყვიტეთ ყალბი რეალობის შექმნა, სადაც ყველა რაღაცაშია დამნაშავე. იზრუნეთ იმაზე, რათა ყველას აუწყოთ, თუ რას წარმოადგენს რუსეთი", - მიმართა კულებამ ორგანიზაციის მესვეურებს.
ამავდროულად, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილ პოდოლიაკმა Amnesty International-ი დაადანაშაულა უკრაინის შეიარაღებული ძალების დისკრედიტაციისა და დასავლეთისგან უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდების ჩაშლის მცდელობაში.
"უკრაინა მკაცრად იცავს ომის ყველა კანონს და საერთაშორისო ნორმებს. უკრაინის შეიარაღებული ძალების აბსოლუტური პრიორიტეტი არის უკრაინის თითოეული მოქალაქის სიცოცხლის და ჯანმრთელობის გადარჩენა, რუსეთის ბარბაროსული აგრესიის პირობებში. ჩვენ თანმიმდევრულად ვიღებთ ყველა ზომას, რომ დავეხმაროთ უკრაინელებს, გადაადგილდნენ აქტიური საბრძოლო მოქმედებების ზონიდან უფრო უსაფრთხო ადგილებში", - განაცხადა პოდოლიაკმა.
Amnesty International-ის ანგარიშს მანიპულაციური უწოდა უკრაინის ომბუდსმენმა, დმიტრი ლუბინეცმა.
"მივიჩნევ,რომ Amnesty International-ის ეს ანგარიში მანიპულაციურია და უპირატესობას ანიჭებს აგრესორი ქვეყნის და მისი პროპაგანდისტების ქმედებებს, ვიდრე ესმის უკრაინაში კონტექსტი - ქვეყანა, რომელიც თავდაცვით ომს აწარმოებს, საკუთარ მოსახლეობასა და საკუთარ სუვერენიტეტს იცავს", - აღნიშნა უკრაინის ომბუდსმენმა.
უკრაინის ომბუდსმენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა თავს იცავს იმ ქვეყნის თავდასხმისგან, რომელიც არღვევს საერთაშორისო სამართლის ყველა შესაძლო ნორმას და აწამებს და კლავს მშვიდობიან მოსახლეობას.