უკრაინის შეიარაღებული ძალები სამხედრო ბაზებს ქმნიან და სამხედრო ტექნიკას ანთავსებენ საცხოვრებელ რაიონებში, რითაც საფრთხეს უქმნიან მშვიდობიან მოსახლეობას. ამის შესახებ ნათქვამია საერთაშორის უფლებადამცველი ორგანიზაციის, Amnesty International-ის ანგარიშში.
Amnesty International-ის ანგარიშში, რომელიც 4 აგვისტოს გამოქვეყნდა, აღნიშნულია, რომ უკრაინის ასეთი ტაქტიკა არღვევს საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს.
ამასთან, ანგარიშში ხაზგასმულია, რომ ეს არ ამართლებს რუსეთის მიერ განხორციელებულ განურჩეველ სარაკეტო დარტყმებს, მათ შორის სამოქალაქო ობიექტებზე.
Amnesty International-ის ექსპერტები, აპრილ-ივნისში, რამდენიმე კვირის განმავლობაში იკვლევდნენ რუსეთის არმიის მიერ სხვადასხვა უკრაინულ სოფელსა და დასახლებაზე მიტანილ იერიშებს ხარკოვის, დონეცკისა და ნიკოლაევის ოლქებში.
ადგილობრივი მაცხოვრებლების ჩვენებებმა და სატელიტური სურათების ანალიზმა აჩვენა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები აღნიშნულ პერიოდში, ბაზირებული იყვნენ საცხოვრებელ რაიონებში, მინიმუმ 19 დასახლებულ პუნქტში და ცეცხლს უხსნიდნენ რუსულ პოზიციებს, შედეგად კი საპასუხო ცეცხლის სამიზნე მოსახლეობა ხდებოდა.
ამავდროულად, ექსპერტებმა ვერ აღმოაჩინეს რაიმე ნიშანი იმისა, რომ უკრაინელი სამხედროები სთხოვდნენ მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაციას ამ ტერიტორიებიდან, ან დაეხმარნენ მათ ასეთ ევაკუაციაში.
ამავდროულად, Amnesty International-ის ანგარიშის თანახმად, უკრაინის შეიარაღებული ძალების ბაზირება აღმოაჩინეს 5 საავადმყოფოში. ამასთან, უკრაინელი სამხედროების ყოფნა დაფიქსირდა 22 სკოლაში იმ 29 სკოლიდან, რომელსაც Amnesty International-ის ექსპერტები ეწვივნენ. საუბარია, ამ ობიექტებში სამხედრო ტექნიკის განთავსებაზე.
ბახმუტში უკრაინელმა სამხედროებმა ბაზად ადგილობრივი უნივერსიტეტის შენობა გამოიყენეს, საიდანაც უახლოესი საცხოვრებელი კორპუსები სულ რაღაც 50 მეტრშია. 21 მაისს მას რუსეთის შეიარაღებული ძალები თავს დაესხნენ და უკრაინული მხარის ცნობით, შვიდი ჯარისკაცი დაიღუპა.
ამავდროულად, ბევრ სხვა შემთხვევაში, Amnesty International-ის ექსპერტებმა ვერ აღმოაჩინეს უკრაინის შეიარაღებული ძალების ყოფნის ნიშნები საცხოვრებელ ადგილებში და ობიექტებში, რომლებზეც რუსეთის ჯარებმა სარაკეტო და საარტილერიო დარტყმები განახორციელეს. აღნიშნულია, რომ რუსეთი ამ სარაკეტო დარტყმებს ახორციელებდა საერთაშორისო სამართლით აკრძალული საბრძოლო მასალების გამოყენებით.
ზოგიერთ შემთხვევაში, რუსეთის შეიარაღებული ძალები ახორციელებდნენ დარტყმებს არასაკმარისი სიზუსტის იარაღით, ზოგიერთ შემთხვევაში კი მათი სიზუსტე საკმარისი იყო მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლის თავიდან ასაცილებლად.
Amnesty International-ი მოუწოდებს მხარეებს, გააკეთეონ ყველაფერი, რომ საბრძოლო მოქმედებების დროს მშვიდობიანი მოქალაქეების მსხვერპლი თავიდან აიცილონ.
"უკრაინის მთავრობა დაუყოვნებლივ უნდა დაარწმუნდეს, რომ მათი სამხედრო ტექნიკა საცხოვრებელი რაიონებიდან მოშორებით არის დისლოცირებული, ან მოახდინოს ასეთი რაიონებიდან მოქალაქეების ევაკუაცია", - აცხადებენ ორგანიზაციაში.
Amnesty International-ის ინფორმაციით, აღნიშული ანგარიში უკრაინის თავდაცვის სამინისტროს 29 ივლისს გაეგზავნა, თუმცა პასუხები ჯერ არ მიუღია.