"რუსეთიდან შემოსული ტურისტების თუ აქ ბინადრობის მაძიებელთა რაოდენობის შესახებ საკითხი ნელ-ნელა კიდევ უფრო სერიოზულ სახეს იღებს. არაერთი განცხადება იყო ბოლო თვეების განმავლობაში, მათ შორის, ჩვენი პოლიტიკური გუნდის მხრიდან კონკრეტული შეთავაზებებიც, თუმცა ჩვენ ვხედავთ, რომ ხელისუფლებამ პრაქტიკულად არაფერი გააკეთა ამ მიმართულებით", - ასე ეხმაურება "ევროპული საქართველოს" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, გიგი წერეთელი საქართველოში რუსეთის მოქალაქეების უკონტროლო და მასობრივ შემოდინებას
მისი თქმით, წარმოუდგენელია, რომ ქვეყნიდან, რომელიც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის 20%-ის ოკუპანტია, შემოდიოდეს ამდენი ადამიანი და სახელმწიფომ არ იცოდეს უმეტეს შემთხვევაში, თუ ვინ არის, რატომ მოდის, ასევე, თავისუფლად რიგდებოდეს ბინადრობის მოწმობები, იხსნებოდეს ბიზნესები და ასე შემდეგ. იმიტომ რომ შესაძლოა, ეს ყველაფერი ჰიბრიდული შეტევის ნაწილი იყოს, მათ შორის დემოგრაფიული ექსპანსიისა, როცა რაღაც პერიოდში იმდენი რუსეთის მოქალაქე იქნება , რომ შესაძლებელია პრეტენზიებიც გაუჩნდეთ.
"რუსეთს ყოველთვის აქვს გამოსაყენებლად ეს ინსტრუმენტი, ბევრ ქვეყანაში არსებობს ამის გამოცდილება, მათ შორის, ჩვენთანაც, როდესაც ეს ყველაფერი გამოიყენება თავისი სტრატეგიული მიზნებისთვის: გაფართოებისთვის, რაღაცის მიტაცებისთვის, კონფლიქტების შექმნისთვისა და პროვოკაციებისთვის.
ამიტომ წარმოუდგენელია, რომ არ იყოს სათანადო, გონივრული რეგულაციები, სასწრაფოდ არის გადაწყვეტილება მისაღები და ხელისუფლებამ რაღაც უნდა მოიმოქმედოს ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ ასე გაგრძელებას შეიძლება ძალიან დიდი პოლიტიკური ფასი მოჰყვეს. გასაგებია, რომ ეს პროცესი ვალუტის შემოდინებას ეხმარება, ლარის კურსიც მყარდება ამით, (ფასების შემცირების გარეშე) და ასე შემდეგ, მაგრამ ამას შეიძლება ძალიან სერიოზული ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური შედეგი ჰქონდეს უახლოეს მომავალში", - განაცხადა გიგი წერეთელმა.