გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში გამოდის მოწოდებით, დაუწესდეთ სპეციალური გადასახადები ნავთობისა და გაზის კომპანიებს.
გუტერეშის ამ მოწოდების ფონია უკრაინაში ომის შედეგად ენერგორესურსებზე ფასების ზრდა, რამაც კარდინალურად გაზარდა ენერგოკომპანიების მოგება.
გაეროს გენერალური მდივნის განცხადებით, ენერგოკომპანიების მიერ კრიზისიდან სარგებლის მიღება "ამორალურია".
"ეს გროტესკული სიხარბე სჯის ყველაზე ღარიბ და დაუცველ ადამიანებს და ანადგურებს ჩვენს ერთადერთ საერთო სახლს. მოვუწოდებ სახელმწიფოთა მთავრობებს, დაბეგრონ ეს გადაჭარბებული მოგება და გამოიყენონ სახსრები დაუცველი ადამიანების მხარდასაჭერად ესოდენ რთულ დროს", - ამბობს გუტერეში.
გენერალური მდივნის თქმით, ენერგორესურსებზე მაღალ ფასებს ფართო და შორს მიმავალი შედეგები ექნება იმ ფონზე, როდესაც მოსახლეობა და მთავრობები მზარდი ზეწოლის ქვეშ იმყოფებიან.
"ბევრი განვითარებადი ქვეყანა, რომელიც ვალებშია ჩაძირული, არ აქვს ფინანსებთან წვდომა და პანდემიის შედეგებთან გამკლავებას ცდილობს, შესაძლოა ზღვარს გადავიდეს. უკვე ვხედავთ ნიშნებს ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური უთანსწორობის ტალღებისას, რომელიც ხელშეუხებელს არ დატოვებს არცერთ ქვეყანას", - დასძინა მან.
შეგახსენებთ, ოთხმა უმსხვილესმა ენერგეტიკულმა კომპანიამ - Exxon, Chevron, Shell და TotalEnergies-მა ერთად, ბოლო კვარტალში თითქმის 51 მილიარდი დოლარი გამოიმუშავეს - თითქმის ორჯერ მეტი, ვიდრე გასული წლის იმავე პერიოდში.