სახელმწიფო და რუსთაველის პრემიების ლაურეატს, ქართული თეატრისა და კინოს ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ მსახიობს, თენგიზ არჩვაძეს 90 წელი შეუსრულდა.
კულტურის სამინისტრო საქართველოს სახალხო არტისტს, თენგიზ არჩვაძეს 90 წლის იუბილეს ულოცავს.
თენგიზ არჩვაძემ 1956 წელს დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტი და მალევე მუშაობა მარჯანიშვილის თეატრში დაიწყო. 1967 წლიდან მუშაობდა რუსთავის დრამატულ თეატრში.
მრავალწლიანი მოღვაწეობის მანძილზე, თენგიზ არჩვაძემ ქართულ თეატრსა და კინოში 100-ზე მეტი როლი განასახიერა და საზოგადოებისთვის ერთ-ერთ უსაყვარლეს მსახიობად იქცა. მან სხვადასხვა დროს შეასრულა მთავარი როლები ისეთ ცნობილ ფილმებში, როგორებიცაა: „ხევისბერი გოჩა“, „ხევსურული ბალადა“, „მე ვხედავ მზეს“, „დათა თუთაშხია“, „ვედრება“, „ჯვარცმული კუნძული“, „დიდოსტატის მარჯვენა“, „ანარეკლი“, „წიგნი ფიცისა“ და მრავალი სხვა.
2017 წელს, ხელოვნებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, თენგის არჩვაძეს კულტურის სამინისტროს სპეციალური ჯილდო, „ხელოვნების ქურუმის“ წოდება მიენიჭა.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო პატივს მიაგებს თენგიზ არჩვაძის ღვაწლს ქართული კულტურის წინაშე, ულოცავს იუბილეს და დღეგრძელობას უსურვებს.