ასტანაში ეუთოს სამიტზე სავარაუდოდ ახალი უსაფრთხოების დოკუმენტის მიღება არ მოხდება. როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი მინაშვილმა განმარტა, დეკლარაციის მიღებისთვის საჭიროა კონსენსუსის მიღწევა, თუმცა რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა სამიტი მოულოდნელად გუშინ დატოვა, დღეს კი ასტანიდან ასევე სს მინისტრი სერგეი ლავროვიც გაემგზავრა.
"რუსეთი იზოლირებულია საერთაშორისო საზოგადოების ფონზე. როგორც ნახეთ ევროპული ქვეყნების ლიდერებმა და აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა საქართველოსთან მიმართებაში რადიკალური პოზიცია დააფიქსირა, რომ რუსეთმა უნდა შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულებები და პირველ რიგში ოკუპირებულ ტერიტორიებზე დამკვირვებლები შეუშვას", - აღნიშნა მინაშვილმა.
მისივე შეფასებით, აღნიშნული საკითხები სავარაუდოდ ეუთოს დეკლარაციაშიც იქნება ასახული, რაზეც რუსეთის ფედერაცია ხელს არ მოაწერს. მედვედევმა ასტანა გუშინ დატოვა დღეს კი მას სერგეი ლავროვიც მიყვა, ამის გათვალისწინებით კი როგორც ჩანს ეუთოს ახალი უსაფრთხოების დოკუმენტის მიღება ვერ მოხერხდება.
შეგახსენებთ რომ ასტანაში 1-2 დეკემბერს ეუთოს სამიტი მიმდინარეობს. რომლის ფარგლებშიც ბოლო 11 წლის განმავლობაში ახალი უსაფრთხოების დოკუმენტი უნდა მიეღოთ. აღსანიშნავია რომ ახალი დოკუმენტის მიღება მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ კონსენსუსი ორგანიზაციის ყველა წევრ ქვეყანას შორის მიიღწევა.