შეერთებულმა შტატებმა უკრაინაში ომის გაჩაღების გამო რუსეთისთვის დაწესებული სანქციები გააფართოვა.
სანქციების ახალი პაკეტის თანახმად, შეზღუდვები დაუწესდა პუტინთან ახლო პირად ურთიერთობაში მყოფ ალინა კაბაევას, რომელიც ოლიმპიური ჩემპიონია მხატვრულ ტანვარჯიშში და წარსულში დუმის დეპუტატი იყო "ერთიანი რუსეთიდან".
ამჟამად, კაბაევა რუსეთის უმსხვილეს პროკრემლისტურ მედიაჯგუფის დირექტორთა საბჭოს მეთაურობს. არსებობს ვარაუდი, რომ კაბაევასა და პუტინს სულ მცირე სამი შვილი ჰყავთ.
მანამდე, ამერიკული მედია იუწყებოდა, რომ ვაშინგტონი თავის იკავებდა ალინა კაბაევასთვის სანქციების დაწესებას, რადგან არ სურდა პუტინის "აგრესიული რეაქციის" გამოწვევა.
სანქციების ქვეშ ასევე მოექცნენ ბიზნესმენები ანდრეი მელნიჩენკო, დმიტრი პუმპიანსკი, ანდრეი გურიევი, ვიქტორ რაშნიკოვი და ალექსანდ პონომარენკო - შერემეტევოს აეროპორტის თანამფლობელი. ალექსეი ნავალნის ფონდის გამოძიების თანახმად, სწორედ პონომარენკოა სოჭის მახლობლად, გელენჯიკში პუტინის სასახლის ნომინალური მფლობელი.
შეზღუდვები დაუწესდათ უკრაინის მოქალაქეებსაც, რომლებიც უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორებზე რუსეთთან თანამშრომლობენ. მათ შორის არიან ხერსონის ოლქის "ახალი ხელისუფლების" წარმომადგენლები ვლადიმერ სალდო და კირილ სტრემუსოვი, ასევე მარიუპოლის "ახალი მერი" კონსტანტინე ივაშჩენკო.
შეერთებულმა შტატებმა ასევე დააწესა სანქციები არაერთი სამეცნიერო და ტექნოლოგიური ორგანიზაციის წინააღმდეგ. მათ შორის არიან მოსკოვის ფიზიკისა და ტექნოლოგიების ინსტიტუტი, სახელმწიფო სატრანსპორტო სალიზინგო კომპანია და მაგნიტოგორსკის რკინისა და ფოლადის საწარმოები.