პარტია "დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია ეხმიანება თბილისის მერიის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც 1-ლი აგვისტოდან დასრულდა უკრაინის მოქალაქეების თავშესაფრითა და კვებით უზრუნველყოფის პროგრამა.
ხოშტარიას განცხადებით, ამ გადაწყვეტილებით, ხელისუფლებამ ადამიანები პირდაპირ გამოაგდო სასტუმროებიდან და სახლებიდან.
ამავდროულად, ელენე ხოშტარია საზოგადოებას უკრაინიდან ლტოლვილთა დახმარებისკენ მოუწოდებს.
"ჩვენმა ხელისუფლებამ გამოაგდო დღეს ადამიანები პირდაპირ სასტუმროებიდან და სახლებიდან. დასრულდა პროგრამა რამდენიმეთვიანი, სადაც ადამიანებს შეეძლოთ ეცხოვრათ და ეკვებათ.
დილიდან ჩვენ უკვე გამოგვყავს 21 ოჯახი გონიო-ქობულეთიდან და მათ უნდა ვუპოვოთ ადგილი, თუ სად წავლენ, სასტუმროები ან სახლები. თბილისის სხვადასხვა სასტუმროდან 12 ოჯახი, 3 ოჯახი, 6 ოჯახი, 5 ოჯახი, 4 ოჯახი, მათ შორის, ეს არის, მხოლოდ 12 საათის მონაცემებით, ვინც ჩვენ გამოვიყვანეთ და უნდა გადავანაწილოთ სხვადასხვა სასტუმროში ან ოჯახებში.
ყველამ ჩვენი წვლილი შევიტანოთ, თითო თეთრი, თითო საკვები, თითო ბინა, თითო სასტუმრო, ნებისმიერი რამის გაზიარება დღეს იქნება ამ ადამიანებისთვის გვერდში დგომა. ჩვენ სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ არცერთ უკრაინელს ქუჩაში არ დავტოვებთ", - თქვა ელენე ხოშტარიამ.
შეგახსენებთ, თბილისის მერიამ დაასრულა თბილისში მცხოვრები უკრაინელი მოქალაქეების თავშესაფრითა და კვებით უზრუნველყოფის პროგრამა.