თურქეთი მოელის, რომ უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტი შავი ზღვის დერეფნის გავლით, 1-ლი აგვისტოდან დაიწყება. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა იბრაჰიმ კალინმა განაცხადა.
კალინის თქმით, რჩება რამდენიმე დეტალის გარკვევა.
როგორც კიევი აცხადებს, გასული წლის მოსავლიდან, 20 მილიონ ტონაზე მეტი მარცვლელული კვლავ ექსპორტის მოლოდინშია.
მანამდე, სტამბოლში გაიხსნა უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის კონტროლის საკოორდინაციო ცენტრი.
თურქეთის თავდაცვის მინისტრის, ჰულუსი აკარის განცხადებით, ანკარას მიაჩნია, რომ ცენტრს შეუძლია მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს სასურსათო კრიზისის დაძლევაში.
საკოორდინაციო ცენტრი დაარეგისტრირებს სავაჭრო გემებს და თვალყურს მიადევნებს მათ მოძრაობას, თანამგზავრული მონაცემების დახმარებით. ამასთან, ბოსფორის სრუტის გავლისას, გემები გაივლიან შემოწმებას, რათა დადასტურდეს, რომ ბორტზე იარაღი არ იქნება.
საკოორდინაციო ცენტრის შექმნა შესაძლებელი გახადა სტამბოლის შეთანხმებამ, რომელიც თურქეთისა და გაეროს შუამავლობით გაფორმდა. ეს შეთანხმება მიზნად ისახავს უკრაინული პორტების ბლოკადის დასრულებას.
გაეროს გენერალური მდივნის თქმით, მიღწეული შეთანხმების მიხედვით, ექსპორტი განხორციელდება უკრაინის სამი პორტიდან - ოდესიდან, ჩორნომორსკიდან და იუჟნიდან.
მოლაპარაკებებში გაერო, რუსეთი, თურქეთი და უკრაინა მონაწილეობდნენ. შეთანხმების გაფორმებიდან ერთ დღეში, 23 ივლისს, ოდესის პორტი რუსული მხრიდან სარაკეტო სროლის ქვეშ მოექცა.