მსოფლიოს ლიდერები მხარს უჭერენ საქართველოს პრეზიდენტის სამშვიდობო ინიციატივას. ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაცია იუწყება. როგორც პრეზიდენტის ოფიციალურ ვებ.გევრდზე ეუთოს სამიტზე მსოფლიო ლიდერების სიტყვით გამოსვლა არის განხილული, მსოფლიო ლიდერები მხარს უჭერენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. ასევე საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სამშვიდობო ინიციატივას, რომლის მიხედვითაც საქართველო ცალმხრივად იღებს ვალდებულებას ძალის გამოუყენებლობის შესახებ.
"ეუთოს სამიტზე მსოფლიო ლიდერების მიმართვებში საქართველოში არსებული კონფლიქტების მოგვარების აუცილებლობა ერთ-ერთი მთავარი თემა იყო. ოფიციალური გამოსვლისას, მათ საქართველოს პრეზიდენტის ახალი სამშვიდობო ინიციატივა დადებითად შეაფასეს, ხოლო რუსეთს კიდევ ერთხელ მოუწოდეს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესრულებისკენ. ყველა გამომსვლელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეუთოს მისიის განახლება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე აუცილებელი და ძალზე მნიშვნელოვანია. ეუთოს გენერალურმა მდივანმა მარკ პერენ დე ბრიშამბომ საქართველოს პრეზიდენტის სამშვიდობო ინიციატივა დადებითად შეაფასა და მხარი დაუჭირა იმას, რომ ეს საკითხები ასტანას სამიტზე მიღებულ საბოლოო დოკუმენტში აისახოს. სამშვიდობო ინიციატივის მნიშვნელობაზე ყურადღება გაამახვილა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა", - იუწყება პრეზიდენტის ადმინისტრაცია.
პრეზიდენტის ადმინისტრაციას მოჰყავს სხვადასხვა ლიდერების ეუთოს სამიტზე სიტყვით გამოსვლაც, რომლებიც საქართველოს თემაზეც საუბრობენ.
როგორც პრეზიდენტის ოფიციალური ვებ.გვერდი აღნიშნავს, ევროკავშირი საქართველოში ეუთოს მისიის აღდგენას მხარს უჭერს. "ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოში ეუთოს მისიის აღდგენას, ადამიანის უფლებათა, ჰუმანიტარული და უსაფრთხოების იმ საკითხების გადაწყვეტას, რომლებიც 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებასა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემას ეფუძნება. მინდა გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და მივესალმო ქართული მხარის გადაწყვეტილებას ძალის გამოუყენებლობის თაობაზე", - განაცხადა სამიტზე სიტყვით გამოსვლისას ევროკავშირის პრეზიდენტმა ჰერმან ვან რომპუი.