აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი აცხადებს, რომ "მთავარი არხის" დირექტორის, ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლე სანქცირებული არ არის. ამის შესახებ ელჩმა დეგნანმა "ინტერპრესნიუსთან" ინტერვიუში განაცხადა.
"რადგან, როგორც ჩანს, ზოგს ჯერ კიდევ ვერ გაუგია, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ჩვენ არ ვიყენებთ ჩვენს პროგრამებს ადამიანების სანქცირებისა თუ დასჯისთვის და არც მოსამართლე ჩხიკვაძისთვის დაგვიკისრებია სანქცია. ჩვენ არ ვერევით საქართველოში სასამართლო გადაწყვეტილებებში და არ გვაქვს ფარული შეხვედრები და ასე იყო ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც.
პირიქით, ჩვენ რეგულარულად ვმუშაობთ მოსამართლეებთან, პროკურორებთან და ადვოკატებთან საქართველოში, ხელს ვუწყობთ მათი სამართლებრივი უნარების განვითარებას კანონის გამჭვირვალედ, მიუკერძოებლად ადმინისტრირებისთვის, რაც შესაბამისობაშია საერთაშორისო პრაქტიკასთან", - თქვა ელჩმა.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ, მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ განაცხადა, რომ ნიკა გვარამიას საქმეზე განაჩენის გამოცხადების შემდეგ, სასამართლოს შენობაში აშშ-ის საელჩოს თანამშრომელი შეხვდა, რომელმაც თითქოს უთხრა, რომ ელჩს აინტერესებს, რატომ გამოიყენა თავისუფლების აღკვეთის ზომა [გვარამიას მიმართ].
წერილში ჩხიკვაძემ ამბობს, რომ ნიკა გვარამიას განაჩენის შემდეგ საელჩომ ის აშშ-ში პროგრამიდან მოხსნა. ჩხიკვაძის შეფასებით, ეს საელჩოს მხრიდან სასამართლოს დამოუკიდებლობაში ჩარევა იყო.