უკრაინამ გერმანიიდან მძიმე შეიარაღების მორიგი პარტია მიიღო. საუბარია ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემა Mars II-სა და თვითმავალ ჰაუბიცებზე. ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა კრისტინ ლამბერხტმა განაცხადა, იუწყება welt.de. მან აღნიშნა, რომ უკვე დაგეგმილია სხვა სისტემების გადაცემაც.
"მიწოდებულია დაპირებული ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები Mars II და ჰაუბიცები Panzerhaubitzen 2000. ჩვენ ვასრულებთ დაპირებას", - განაცხადა ლამბერხტმა.
შეგახსენებთ, უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა გუშინ განაცხადა, რომ სამი საზენიტო თვითმავალი დანადგარი Gepard-ი და ათობით ათასი საბრძოლო მასალა უკრაინამ უკვე მიიღო.
უკრაინა ბუნდესვერიდან სულ მიიღებს Gepard-ის ტიპის 30 ტანკს საბრძოლო მასალასთან ერთად. Mars II ტიპის სამი ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა და 10 Panzerhaubitzen 2000-ის ტიპის თვითმავალი ჰაუბიცა უკრაინაში ბუნდესვერის საწყობიდან უკვე ჩავიდა.