თბილისის მერი კახა კალაძე, მედიასთან საუბრისას, პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესა და ტელეკომპანია "მთავარის" ჟურნალისტს შორის მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა.
კახა კალაძის შეფასებით, დროა მედიამ გააცნობიეროს საკუთარი პასუხისმგებლობა და პიროვნული შეურაცხყოფის ნაცვლად, ნებისმიერ პოლიტიკოსს, რაც გინდა მიუღებელი იყოს მისთვის, პატივისცემით მოეკიდოს.
"ვგმობ დამოკიდებულებას, რასაც ჟურნალისტების ნაწილის მხრიდან ვაწყდებით. ძალიან მნიშვნელოვანია ურთიერთპატივისცემა. შეიძლება არ მოგწონდეს კონკრეტული პოლიტიკოსი, არ ემხრობოდე მის ნაბიჯებს, მაგრამ პირადი შეურაცხყოფა, ოჯახის შეურაცხყოფა კატეგორიულად მიუღებელია. ყველაფერზე წინ უნდა დავაყენოთ ურთიერთპატივისცემა. როდესაც ხარ ჟურნალისტი და რესპონდენტს შეურაცხყოფას აყენებ, რაც გინდა არ მოგწონდეს ის, ეს არ არის მისაღები, არ არის სწორი და ძალიან ცუდია.
ყველამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ იყოს ურთიერთპატივისცემა პირველ რიგში. მერწმუნეთ, ასეთ შემთხვევაში ჩვენგანაც იქნება ათასჯერ მეტი პატივისცემა და სიყვარული. დროა, ყველამ გადავაბიჯოთ ამ სირთულეებს, რადგან არავისთვის არ არის მისასალმებელი ოჯახის შეურაცხყოფა. თუ ფიქრობთ იმას, რომ მედიამ შეურაცხყოფა გვაყენოს და ჩვენ თავდახრილები ვიდგეთ, ეს არასწორია. რას ნიშნავს თმენის ვალდებულება? როდესაც მაგინებენ, მე ვუყურო რა ლამაზად მაგინებთ?" - განაცხადა კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას.