გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი მიესალმა ბრიუსელის ძალისხმევას ევროკავშირში გაზის დაზოგვის კოორდინაციისთვის და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბლოკი დარჩება ერთიანი რუსეთიდან გაზის შემცირებული მიწოდების ფონზე.
"ჩვენ ვერ დაგვყოფს გაზის დეფიციტი. ერთად ვდგავართ და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი სიგნალი რუსეთის პრეზიდენტისთვის", - თქვა ბერბოკმა პრაღაში, ჩეხ კოლეგასთან პრესკონფერენციის დროს.
შეგახსენებთ, 25 ივლისს, "გაზპრომმა" განაცხადა, რომ 27 ივლისიდან შეაჩერებს გაზსადენ "ჩრდილოეთის ნაკადის" კიდევ ერთ ტურბინას "სარემონტო სამუშაოებისთვის". ამრიგად, ევროპისთვის გაზის მიწოდება შემცირდება დღეში 33 მილიონ კუბურ მეტრამდე, ანუ სრული სიმძლავრის დაახლოებით 20%-მდე.
ევროკავშირი რუსეთიდან გაზის მიწოდების შემცირების გადაწყვეტილებას პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს.
მედიის ცნობით, ევროკავშირის ქვეყნების წარმომადგენლები ზოგადად შეთანხმდნენ ევროკომისიის გეგმასთან დაკავშირებით, რომელიც გაზის მოხმარების შემცირებას ითვალისწინებს. ეს გეგმა წევრი ქვეყნების ენერგეტიკების მინისტრებმა დღეს უნდა დაამტკიცონ.
შეგახსენებთ, 20 ივლისს ევროკომისიამ ევროპაში გაზის მოხმარების 15%-ით შემცირების გეგმა წარადგინა.