რუსული ენერგოკონცერნი"გაზპრომი" აცხადებს, რომ 27 ივლისიდან აჩერებს გაზსადენ "ჩრდილოეთის ნაკადის" ტურბინის მუშაობას, რის შემდეგაც ევროპისთვის ბუნებრივი აირის მიწოდების სიმძლავრე 20%-მდე შემცირდება.
"გაზპრომის" ცნობით, ტურბინას ტექნიკური სამუშაოები უნდა ჩაუტარდეს.
ამ ტურბინის გაჩერების შემდეგ, ევროპისთვის მიწოდებული გაზის დღიური მოცულობა 33 მლნ. კუბური მეტრი იქნება, რაც მილსადენის გამტარუნარიანობის დაახლოებით 20%-ია. "გაზპრომის" ამ განცხადების ფონზე, ევროპაში გაზის ფასმა მკვეთრად მოიმატა.
"გაზპრომმა" 11 ივლისსაც შეაჩერა ერთი ტურბინის მუშაობა, ყოველწლიური გეგმიური ტექნიკური სამუშაოების მოტივით, რითაც შეამცირა გაზის მიწოდება ევროპისთვის. 21 ივლისიდან კი კვლავ განაახლა გაზის მიწოდება დღიურად 67 მილიონი კუბური მეტრის მოცულობით. ეს რაოდენობა შეესაბამებოდა იმ მოცულობას, რაც იყო "სარემონტო სამუშაოების" დაწყებამდე, თუმცა ეს არის მილსადენის მაქსიმალური დატვირთვის მხოლოდ 40%. დანარჩენი 60%-ი რუსეთმა ჯერ კიდევ ივნისში შეაჩერა იმ მოტივით, რომ კანადიდან ვერ დაიბრუნა Siemens-ის ტურბინა, რომელსაც მონრეალში სარემონტო სამუშაოები უტარდებოდა.
კანადის ხელისუფლებამ თავდაპირველად უარი თქვა ტურბინის დაბრუნებაზე რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამო. თუმცა, გერმანულ მხარესთან მოლაპარაკების შემდეგ, კიევის პროტესტის მიუხედავად, 17 ივლისს ტურბინა გერმანიაში გაიგზავნა. მის მიწოდებას და მორგებას კიდევ 9-12 დღე დასჭირდება. ტურბინის მიღების შემდეგ, განახლდება თუ არა გაზის მიწოდება 100%-ით, ჯერჯერობით უცნობია.