"ეს მხოლოდ კობახიძის სახე არ არის - ეს არის ივანიშვილის „ოცნების“ შეშლილი სახე" - ასე აფასებს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი კახა ოქრიაშვილი ირაკლი კობახიძის თავდასხმას "მთავარი არხის" ჟურნალისტს ნატალი ჯახუტაშვილზე.
„გუშინ, 25 ივლისს, საზოგადოებამ იხილა ბატონი ირაკლი კობახიძის შეშლილი სახე. ეს მხოლოდ მისი სახე არ არის, ეს არის ივანიშვილის „ოცნების“ შეშლილი სახე.
ვიდრე ირაკლი კობახიძე არ გასცემს პასუხს კითხვებზე - რატომ, რა ვითარებაში, ვისი დავალებით და გადაწყვეტილებით ჩამოიყვანა და ჩასვა პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში რუსეთის მაღალჩინოსანი გავრილოვი, ქართული საზოგადოების თვალში ის იქნება კაგებე-ს აგენტი.
P.S. ოცნების მმართველობა ლოგიკური დასასრულისკენ მიექანება“, - ამბობს ოქრიაშვილი.
ცნობისთვის, გუშინ "მთავარი არხის" ჟურნალისტმა "ოცნების" ლიდერს კითხვა რადას ფრაქცია " ხალხის მსახურის" თავმჯდომარის, დავით არახამიას მიერ გაკეთებულ კომენტარზე დაუსვა, რომელშიც მან თქვა, რომ "КГБ-ს აგენტის შვილი მმართველი პარტიის თავმჯდომარეა". კობახიძემ საპასუხოდ ჟურნალისტს შეურაცხყოფა მიაყენა და უთხრა: "ქალის სახე დაკარგე და პირი მოიწმინდე... ნუ დაემსგავსე შენს ბელადს".
კობახიძემ შეურაცხყოფა დღესაც გააგრძელა - სიბინძურისგან იყო გაბოროტებული, ყბა აუკანკალდა, პირზე დუჟი მოადგა - კობახიძე "მთავარის" ჟურნალისტს ისევ თავს ესხმის.