"ქართული ოცნების" დეპუტატი გივი მიქანაძე მხარდაჭერას უცხადებს თავისი პარტიის ლიდერს ირაკლი კობახიძეს, რომელმაც "მთავარი არხის" ჟურნალისტს შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართა.
"ჩემი სრული მხარდაჭერა ირაკლი კობახიძეს, ადამიანს რომელიც არის გამორჩეული ლიდერი, პროფესიონალი და ამ ქვეყნის დიდი პატრიოტი. ჩემთვის პატივია ვიყო იმ გუნდის წევრი, რომელსაც ირაკლი ხელმძღვანელობს. სრულიად მიუღებელია როგორც ოჯახის წევრების შეურაცხყოფა, ასევე ჩვენი ქვეყნის დამაზიანებელი არახამიას ნათქვამის საერთოდ გამეორება და ასეთი ფორმით. ეს ის შემთხვევაა, როდესაც ნებისმიერ ადამიანს ვერ მოსთხოვ თმენის ვალდებულებას. ერთი წამით დაფიქრდით, ჩაიყენეთ თქვენი თავი ირაკლის ადგილას და მერე გამოიტანეთ დასკვნები"- წერს მიქანაძე.
შეგახსენებთ, დღეს, ირაკლი კობახიძე "მთავარი არხის" ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა. ჟურნალისტმა მას სთხოვა, შეეფასებინა დავით არახამიას გუშინდელი განცხადება იმაზე, რომ "კობახიძის მამა "კაგებეშნიკია", რის შემდეგაც კობახიძემ ჟურნალისტს მიმართა: "ქალის სახე დაკარგე, პირი მოიწმინდე, სამარცხვინო, როგორც არახამია არ არის კაცი, ისე შენ არ ხარ ქალი".