ათჯერ უარესი რომ არ გითხრათ, ძალიან გამიკვირდა, თქვენ იმდენად უმძიმესი, უბინძურესი შეურაცხყოფა მიაყენეთ, - ასე შეაფასა ქართული ოცნების ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ირაკლი კობახიძის მიერ მთავარი არხის ჟურნალისტის შეურაცხმყოფელი მიმართვა.
"ურთულესი მოსათმენია თქვენი უმძიმესი პროვოკაციები. უკაცრავად ზედმეტი უტრირებისთვის, მაგრამ უნდა გითხრათ მაგალითი, ისე ვერ ხვდებით როგორც ჩანს - ვიღაცამ გიწოდოთ არ ვიცი საშინელება რამ, ღორი რომ გიწოდოთ ვიღაცამ, მერე მოვიდეს სხვა ჟურნალისტი და გითხრათ: "თქვენ ღორი ხართ?" ასეთ კითხვებს სვამთ. ეს შეურაცხყოფაა თუ კითხვის დასმა?...
მეც მიმძიმს თქვენი ამ პროვოკაციების მოთმენა, მაგრამ ვითმენ შეძლებისდაგვარად და ირაკლიმაც მოითმინა შეძლებისდაგვარად. 10-ჯერ უარესი რომ არ გითხრათ, ძალიან გამიკვირდა... თქვენ კითხვა არ დასვით, თქვენ მიაყენეთ ბინძური შეურაცხყოფა ირაკლი კობახიძეს, უმძიმესი ფორმით მიაყენეთ ეს უმძიმესი შეურაცხყოფა... მე რომ გითხრათ ახლა: "თქვენ ხართ სასარგებლო იდიოტი კრემლის" - ეს სწორია თუ არასწორია? მე ასე მგონია მართლა და არ გეუბნებოდით აქამდე...თქვენ ბრძანდებით ჩემი აზრით კრემლის სასარგებლო იდიოტები...
მან მოგითმინათ კიდევ, მე თუ მკითხავთ. პოლიტიკოსი რომ არ ყოფილიყო, მე მგონია, რომ გაცილებით მძიმე სიტყვებს დაიმსახურებდით, მაგრამ პოლიტიკოსია და მაგიტომ მოგითმინათ... თქვენ ხართ ფსკერს ქვემოთ, ჟურნალისტები აღარ ხართ", - განაცხადა მდინარაძემ.
შეგახსენებთ, დღეს ირაკლი კობახიძე "მთავარი არხის" ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა. ჟურნალისტმა მას სთხოვა, შეეფასებინა დავით არახამიას გუშინდელი განცხადება იმაზე, რომ "კობახიძის მამა "კაგებეშნიკია", რის შემდეგაც კობახიძემ ჟურნალისტს მიმართა: "ქალის სახე დაკარგე, პირი მოიწმინდე, სამარცხვინო, როგორც არახამია არ არის კაცი, ისე შენ არ ხარ ქალი".