სულ ვამბობ, რომ რუსთაველი უნდა მძვინვარებდეს და 160 000 კაცი რომ მოდის, სახლში არ უნდა გავუშვათ. მოდიან, ჩვენ ვუშვებთ სახლში. ვისი შეცდომაა, როგორაა, ალბათ ყველასი ერთად, ვერ გეტყვით. ახლა ვფიქრობ ასეთ რაღაცას, ან გამოვეკვეტოთ იმ პარლამენტიდან, აბა მე რა ვიცი, ხელფასებისთვის ვართ იქ? ან არადა კომიტეტებში უნდა ვიმუშაოთ, - აცხადებს პარტია "კანონი და სამართლის" ლიდერი თაკო ჩარკვიანი ტელეკომპანია "პირველის" ეთერში.
"სულ ჟღერდა და მუსირებდა, ერთადერთი ლევან ბეჟაშვილი იყო, რომელმაც მკვეთრი განცხადება გააკეთა და მე ვეთანხმები ამაში, რომ რაღაცნაირად უნდა დავილაპარაკოთ. არ მინდა მივცეთ საბაბი [ქართულ ოცნებას]. კომისიებში არც ახლა ვფიქრობ მე მუშაობას და არც არასდროს მიფიქრია, ახლა ვიღაცას ჯგუფებში ჩაყვე და გაწელო დრო, ეს არანორმალურია. მაგრამ კომიტეტზე მე არ ვიცოდე, რას წერს იქ და რას აკეთებს "ქართული ოცნება" და ველოდო, ვეჯინო, რომ დამახვედროს იანვარში გაფუჭებული საქმე და არმიღებული სტატუსი, საქართველოს დამოუკიდებლობას ვკარგავს, სახელმწიფოებრიობას ურტყამს.
მე ასეთ რაღაცას ვამბობ, ახლავე ეთერში, გადაწყდება რომ გამოვდივართ პარლამენტიდან? ორი ხელით გამოვდივარ, თქვენ ხომ იცით, რომ მე ბოიკოტი მაკერია სულ პირზე, იმიტომ რომ ერთადერი ბოიკოტია, რის გამოც შეწუხებული იყო ივანიშვილი. ახლა არ დავიწყებ გადაბრალებას, რატომ, როგორ, ფაქტია, რომ ვერ მოხდა. ადამიანებმა ასე ჩათვალეს საჭიროდ მაშინ, მე შეცდომად მიმაჩნდა.
ახლა ვიყოთ იქ და მე ველოდო შეცდომით ბოროტ და სამარცხვინო, ქვეყნისთვის დამღუპველ დოკუმენტს როდის დადებს სრულიად აღვირახსნილი ხელისუფლება, ხალხნო, ქვეყანას ვკარგავთ. მაშინ გამოსავალია, გამოვიდეთ იქიდან ყველანი, დავდგეთ რუსთაველზე, 160 000 კაცი არ გავიდეთ ხალხნო და ვაიძულოთ ესენი, რომ დოკუმენტმა იმუშაოს სწორად.
თუ ჩვენ ახლა არ ვაზანზარებთ ქუჩას, თუ ამას არ ვაკეთებთ, მაშინ კომიტეტებში ვაკონტროლოთ რა ხდება, ხალხნო და ვიბრძოლოთ თითოეული პუნქტისთვის. არ ვარ დარწმუნებული, რომ ესენი რამეს გააკეთებენ, მაგრამ ჩიტი ბრდღვნად ღირს", - თქვა ჩარკვიანმა.