აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა დაგმო რუსეთის თავდასხმა ოდესაზე და განაცხადა, რომ მოსკოვმა დაარღვია სტამბოლში მიღწეული შეთანხმებებით ნაკისრი ვალდებულებები.
მისი თქმით, თავდასხმა ძირს უთხრის გაერო-ს, თურქეთისა და უკრაინის ძალისხმევას, მსოფლიო ბაზარზე უკიდურესად მნიშვნელოვანი სურსათის მიწოდების ორგანიზება მოახდინონ.
„ეს თავდასხმა სერიოზულად აყენებს ეჭვქვეშ გუშინ ხელმოწერილი შეთანხმებების მიმართ რუსეთის ერთგულების საიმედოობას და ძირს უთხრის გაერო-ს, თურქეთისა და უკრაინის ძალისხმევას მსოფლიო ბაზარზე უკიდურესად მნიშვნელოვანი სურსათის მიწოდების ორგანიზების შესახებ.
რუსეთს ეკისრება პასუხისმგებლობა გლობალური სასურსათო კრიზისის გაუარესებაზე და დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს თავისი აგრესია და სრულად შეასრულოს შეთანხმება“, – ნათქვამია სახელმწიფო მდივნის განცხადებაში.
შეგახსენებთ, უკრაინული მარცვლელის ექსპორტისა და პორტების განბლოკვის შესახებ შეთანხმებიდან რამდენიმე საათში, რუსეთის ძალებმა ოდესის პორტზე სარაკეტო იერიში მიიტანა.
დაბომბვიდან მალევე გავრცელდა ცნობა, სარაკეტო თავდასხმას არ დაუზიანებია პორტში მდებარე მარცვლელის შესანახი საცავები. ოდესის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ თავდასხმის შედეგად არიან დაშავებულები, თუმცა მათი რაოდენობას არ დაუსახელებია.
პორტის დაბომბვა მკაცრად დაგმეს გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჟოზეპ ბორელმა და უკრაინაში აშშ-ის ელჩმა ბრიჯიტ ბრინკმა.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსეთის იერიში ოდესის პორტის წინააღმდეგ ეს არის გაეროს გენერალურ მდივან ანტონიო გუტერეშისა და თურქეთის პრეზიდენტ ერდოღანისთვის სახეში შეფურთხება, რომლებმაც უდიდესი ძალისხმევა გასწიეს, რომ უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმებისთვის მიეღწიათ.
სტამბოლში უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის შესახებ შეთანხმებას თურქეთმა, უკრაინამ და რუსეთმა ხელი გუშინ, 22 ივლისს მოაწერეს.