დიდი ბრიტანეთის მოქმედი საგარეო საქმეთა მდივანი რუსეთის არმიის მიერ ოდესის პორტის დაბომბვას გამოეხმაურა და მას "აბსოლუტურად შემზარავი" უწოდა.
ტრასის განცხადებით, ოდესის პორტის დაბომბვამ ცხადჰყო, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტის ალტერნატიული გზა უნდა ეძიოს, რომელსაც კავშირი არ ექნება რუსეთის დაპირებასთან.
"აბსოლუტურად შემზარავია, რომ [უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტზე] შეთანხმების დადებიდან მხოლოდ ერთი დღის შემდეგ, ვლადიმირ პუტინმა დაიწყო სრულიად დაუსაბუთებელი შეტევა ოდესაზე. ეს ცხადჰყოფს, რომ მის [პუტინის] მიერ ნათქვამი არც ერთი სიტყვის ნდობა არ შეიძლება. და ჩვენ სასწრაფოდ უნდა დავიწყოთ მუშაობა საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა ვიპოვოთ უკეთესი ალტერნატიული გზა უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტისთვის, რომელიც არ დაკავშირებული რუსეთსა და მათ შეუსრულებელ დაპირებებს", - თქვა ტრასმა კენტის საგრაფოში, კონსერვატიული პარტიის ლიდერობის არჩევნების კამპანიის ფარგლებში.
შეგახსნებეთ, უკრაინული მარცვლელის ექსპორტისა და პორტების განბლოკვის შესახებ შეთანხმებიდან რამდენიმე საათში, რუსეთის ძალებმა ოდესის პორტზე სარაკეტო იერიში მიიტანა.
დაბომბვიდან მალევე გავრცელდა ცნობა, სარაკეტო თავდასხმას არ დაუზიანებია პორტში მდებარე მარცვლელის შესანახი საცავები. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
პორტის დაბომბვა მკაცრად დაგმეს გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჟოზეპ ბორელმა და უკრაინაში აშშ-ის ელჩმა ბრიჯიტ ბრინკმა.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსეთის იერიში ოდესის პორტის წინააღმდეგ ეს არის გაეროს გენერალურ მდივან ანტონიო გუტერეშისა და თურქეთის პრეზიდენტ ერდოღანისთვის სახეში შეფურთხება, რომლებმაც უდიდესი ძალისხმევა გასწიეს, რომ უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმებისთვის მიეღწიათ.
სტამბოლში უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის შესახებ შეთანხმებას თურქეთმა, უკრაინამ და რუსეთმა ხელი გუშინ, 22 ივლისს მოაწერეს.