საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რუსეთის არმიის მიერ ოდესის პორტის დაბომბვას გამოეხმაურა.
"ოდესის დაბომბვა, მხოლოდ ერთი დღის შემდეგ შეთანხმდებიდან, რომელსაც უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტი უნდა უზრუნველეყო, ძალადობის აქტია და უნდა დაიგმოს.
ეს იმას ცხადჰყოფს, რომ რუსეთი არანაირ მნიშვნელობას არ ანიჭებს არც საკუთარ სიტყვას და არც გლობალურ ჰუმანიტარულ ვითარებას", - წერს პრეზიდენტი "ტვიტერში".
შეგახსნებეთ, უკრაინული მარცვლელის ექსპორტისა და პორტების განბლოკვის შესახებ შეთანხმებიდან რამდენიმე საათში, რუსეთის ძალებმა ოდესის პორტზე სარაკეტო იერიში მიიტანა.
დაბომბვიდან მალევე გავრცელდა ცნობა, სარაკეტო თავდასხმას არ დაუზიანებია პორტში მდებარე მარცვლელის შესანახი საცავები. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
პორტის დაბომბვა მკაცრად დაგმეს გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჟოზეპ ბორელმა და უკრაინაში აშშ-ის ელჩმა ბრიჯიტ ბრინკმა.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსეთის იერიში ოდესის პორტის წინააღმდეგ ეს არის გაეროს გენერალურ მდივან ანტონიო გუტერეშისა და თურქეთის პრეზიდენტ ერდოღანისთვის სახეში შეფურთხება, რომლებმაც უდიდესი ძალისხმევა გასწიეს, რომ უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმებისთვის მიეღწიათ.
სტამბოლში უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის შესახებ შეთანხმებას თურქეთმა, უკრაინამ და რუსეთმა ხელი გუშინ, 22 ივლისს მოაწერეს.