ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ მაიმუნის ყვავილის მზარდი შემთხვევების გათვალისწინებით, ჯანდაცვის სფეროში გლობალური საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. აღნიშნულის თაობაზე ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადანომ ღებრეიესუსმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ღებრეიესუსის თქმით, ორგანიზაციის საგანგებო კომიტეტმა ვერ მიაღწია კონსენსუსს იმის თაობაზე, რომ მაიმუნის ყვავილის ეპიდემია კლასიფიცირდება როგორც გლობალური ჯანმრთელობის საგანგებო მდგომარეობა, თუმცა თავად გადაწყვიტა, საგანგებო მდგომარეობა მაინც გამოეცხადებინა.
მისი განცხადებით, რისკი გლობალურ დონეზე ფასდება, როგორც "ზომიერი", ხოლო ევროპაში - "მაღალი".
ღებრეიესუსის ცნობით, მსოფლიოს 75 ქვეყენაში მაიმუნის ყვავილის 16 000-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. ვირუსის შედეგად დაფიქსირებულია გარდაცვალების 5 შემთხვევა.
ამჟამად მსოფლიოში არსებობს მხოლოდ ორი ასეთი ჯანმრთელობის საგანგებო მდგომარეობა – კორონავირუსული პანდემია და მუდმივი ძალისხმევა პოლიომიელიტის აღმოსაფხვრელად.
მაიმუნის ყვავილი იშვიათი ვირუსული ინფექციაა, რომელიც ჩვეულებრივ მსუბუქად მიმდინარეობს და დაავადებული ადამიანების უმეტესობა გამოჯანმრთელდება რამდენიმე კვირაში.
მაიმუნის ყვავილს პოქსვირუსი იწვევს. პოქსვირუსი იმავე გვარსა და ოჯახს მიეკუთვნება, რომელსაც ყვავილის გამომწვევი ვირუსი.
ძირითადად გავრცელებულია ცენტრალურ და დასავლეთ აფრიკაში. ის ადამიანებს, დაავადებული ცხოველისგან, კერძოდ კი მაიმუნისგან და მღრღნელებისგან გადაედებათ. ვირუსი ასევე ვრცელდება ადამიანებს შორის მჭიდრო კონტაქტით.
მაიმუნის ყვავილის ძირითადი სიმპტომებია გამონაყარი, ცხელება, თავის ტკივილი, კუნთების ტკივილი, ზურგის ტკივილი, ლიმფური კვანძების შეშუპება, შემცივნება და დაღლილობა.
უმეტესწილად მსუბუქად მიმდინარეობს და ორიდან ოთხ კვირამდე ვადაში იკურნება. ვირუსით დაღუპვის შემთხვევები 1%-იდან 10%-მდე მერყეობს.