ლეგენდარული ქართველი მუსიკოსი და მომღერალი ნანი ბრეგვაძე 86 წლის გახდა.
ნანი ბრეგვაძეს დაბადების დღეს ულოცავს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო.
"დღეს, საქართველოს სახალხო არტისტს, ღირსების ორდენის კავალერს, მრავალი თაობის საყვარელ მომღერალს ნანი ბრეგვაძეს 86 წელი შეუსრულდა.
ნანი ბრეგვაძემ ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის საფორტეპიანო ფაკულტეტი დაამთავრა, მისი საესტრადო მოღვაწეობა კი 1956 წლიდან, საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის საესტრადო ორკესტრში დაიწყო. იგი გახლდათ საქართველოს სახელმწიფო საესტრადო ორკესტრის „რერო” და ქართული ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლის ,,ორერა” სოლისტი.
1980 წლიდან იწყება მომღერლის სოლო კარიერა, რომლის ფარგლებშიც მისი საგასტროლო ტურნე მსოფლიოს მრავალ ქვეყანას მოიცავს. ის არის ცნობილი ქართველი კომპოზიტორების მრავალი საესტრადო სიმღერის პირველი შემსრულებელი, რითაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანა ქართული სიმღერის პოპულარიზაციაში.
ნანი ბრეგვაძის მიერ შესრულებული ქართველი მსმენელისთვის საყვარელი სიმღერები ჟღერდა ცნობილ ქართულ ფილმებში, მათ შორის: „შეხვედრა მთაში“ (1966), „ორერა სრული სვლით“ (1969), „წუთისოფელი“ (1971), „ვერის უბნის მელოდიები“ (1973), „ღამის ვიზიტი“ (1974), „დათა თუთაშხია“ (1977), „დამშვიდობება“ (ხანა ჩვენი ბავშვობისა“ 1987), ანდრეი პეტროვის მუსიკაზე შექმნილი ფილმი-კონცერტი „ცისფერი ქალაქები“ (1985) და სხვა. ასევე, გადაღებულია ფილმებში: „სამკაული სატრფოსათვის“ 1971 (აიშა), „სიყვარული აქცენტებით“ 2012 (იუბილარი ქალბატონი), „მე, პელეს ნათლია“ 1991 (მაკა) და სხვა.
ნანი ბრეგვაძეს მიღებული აქვს მრავალი წოდება და სახელმწიფო ჯილდო: საქართველოს დამსახურებული არტისტი (1968), საქართველოს სახალხო არტისტი (1974), შოთა რუსთაველის პრემიის ლაურეატი (1998), საქართველოს „ღირსების ორდენი“ (1996), საქართველოს პრეზიდენტის „ბრწყინვალების ორდენი“ (2010), ოქროს მედალი მეცენატობისათვის (2003), ოქროს მედალი ხელოვნებაში შეტანილი წვლილისთვის, „საქართველოს საუკუნის მომღერალი“, თბილისის საპატიო მოქალაქე (1995), ქალაქ ბენალმადენის (ესპანეთი) საპატიო მოქალაქე (1996).
2000 წელს თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზთან გაიხსნა ნანი ბრეგვაძის ვარსკვლავი.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო დაბადების დღეს ულოცავს ქალბატონ ნანის, დღეგრძელობასა და შემოქმედებითად აქტიურ წლებს უსურვებს", - ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.