იტალიის პრემიერ-მინისტრმა მარიო დრაგიმ იტალიის პრეზიდენტ სერჯო მატარელას განუცხადა, რომ თანამდებობის დატოვების შესახებ თავისი გადაწყვეტილება არ შეუცვლია.
იტალიის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, პრეზიდენტმა მიიღო პრემიერ-მინისტრის გადადგომა.
"რესპუბლიკის პრეზიდენტმა სერჯო მატარელამ მიიღო პრემიერ-მინისტრი მარიო დრაგი კვირინალეს სასახლეში. პრემიერ-მინისტრმა დაადასტურა გადადგომის გადაწყვეტილება. პრეზიდენტმა ეს გაითვალისწინა", - ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ამ დროისთვის, მთავრობა და პრემიერ-მინისტრი განაგრძობენ მოვალეობის შესრულებას და "შემოიფარგლებიან მხოლოდ არსებული ამოცანების შესრულებით".
გასულ კვირას, მთავრობის მეთაურმა უკვე სცადა თანამდებობიდან გადადგომა, როცა მმართველ კოალიციაში შემავალმა პარტია "ხუთი ვარსკვლავის მოძრაობამ" ერთ-ერთ კენჭისყრაზე უარი თქვა მთავრობის მხარდაჭერაზე. თუმცა იტალიის პრეზიდენტმა მატარელამ გადადგომა არ მიიღო და დრაგის სთხოვა პარლამენტში გაერკვია, შეეძლო თუ არა მის მთავრობას დაყრდნობოდა სტაბილურ უმრავლესობას.
20 ივლისს იტალიის პარლამენტში გაიმართა მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების კენჭისყრა, სადაც მონაწილეობაზე უარი თქვეს დრაგის ძირითადმა კოალიციურმა პარტნიორებმა "ხუთი ვარსკვლავის მოძრაობამ", მემარჯვენე-პოპულისტურმა "ლიგამ" და მემარჯვენე-ცენტრისტულმა პარტიამ "წინ, იტალია!"
მოელიან, რომ დრაგის გადადგომის შემდეგ, პრეზიდენტი პარლამენტს დაითხოვს და რიგგარეშე არჩევნებს დანიშნავს შემოდგომაზე.