შეერთებული შტატების ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) შეფასებით, უკრაინაში მოკლულია 15 000 რუსი ჯარისკაცია, სამჯერ მეტი კი დაჭრილია. ამის შესახებ CIA-ს დირექტორმა უილიამ ბერნსმა განაცხადა.
ბერნსის თქმით, მნიშვნელოვანი დანაკარგი აქვს უკრაინასაც, მაგრამ რუსეთზე გაცილებით ნაკლებით. კონკრეტული რიცხვი ბერნსს არ დაუსახელებია.
"შეერთებული შტატების სადაზვერვო საზოგადოების უახლესი შეფასებით, დაახლოებით 15 000 დაიღუპა და სამჯერ მეტი დაიჭრა. უკრაინელებმაც განიცადეს დანაკარგები, შესაძლოა, შედარებით ნაკლები, მაგრამ მაინც, თქვენ იცით, ეს მნიშვნელოვანი დანაკარგებია", - განაცხადა ბერნსმა.
ჟურნალისტებმა ბერნსს ვლადიმირ პუტინის ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც ჰკითხეს.
"ბევრი ჭორი დადის პრეზიდენტ პუტინის ჯანმრთელობაზე, მაგრამ რამდენადაც ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, ის საკმაოდ ჯანმრთელია", - უპასუხა ბერნსმა.
შეგახსენებთ, 17 ივლისს ბრიტანეთის დაზვერვამ გაავრცელა ცნობა, რომლის თანახმადაც, უკრაინაში დაიღუპა ან დაიჭრა 50 000 რუსი სამხედრო.