"ქართული პარტია" ტელეკომპანია "თრიალეთისა" და მისი ხელმძღვანელის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებს გმობს.
"თავისუფალ მედიაზე ზეწოლა დაუშვებელია და ამას საქართველოში წერტილი უნდა დაესვას", - განაცხადა პარტიის თავმჯდომარე სოზარ სუბარმა გორში საზოგადოებრიობის წარმომადგენლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.
მისი განმარტებით, "თრიალეთი" და მისი ხელმძღვანელი ჯონდი ნანეტაშვილი ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან მუდმივი ზეწოლის ქვეშ იმყოფება, რაც იმის გამო ხდება, რომ ტელეკომპანია მოვლენებს ობიექტურად აშუქებს.
"ქართული პარტიის" თავმჯდომარე ტელეკომპანიის ხელმძღვანელის დაშინებისა და ტერორის მორიგ დადასტურებად მიიჩნევს თავად ტელეკომპანიის თანამშრომლების მიერ შემთხვევით გამოვლენილ ფაქტს, როდესაც ერთ-ერთ კაფეში მყოფი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ჯონდი ნანეტაშვილის ცემით და მოკვლით იმუქრებოდნენ.
"ქართული პარტიის" თავმჯდომარე სოზარ სუბარი გმობს სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებს და სოლიდარობას უცხადებს ტელეკომპანია "თრიალეთსა" და მის ხელმძღვანელობას. სუბარი სთხოვს საზოგადოებრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებს, ხმა აიმაღლონ თავისუფალი მედიასაშუალებების უფლებების დასაცავად და რეპრესიების შესაჩერებლად.