საქართველოს კულტურის სამინისტრომ ახალი ლიტერატურული პრემია "ანა" დააფუძნა.
კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, ახალი ლიტერატურული კონკურსი, რომელიც ქალებსა და ქალ მწერლებს ეძღვნება და ანა კალანდაძის სახელს უკავშირდება, ყოველწლიურად, ივლისის თვეში გამოცხადდება და მისი ძირითადი მიზანია ქალი ავტორების ხელშეწყობა, წარმოჩენა და წახალისება.
განაცხადების მიღება 20 ივლისიდან იწყება და 22 აგვისტოს დასრულდება.
კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ საქართველოში რეგისტრირებულ კერძო სამართლის იურიდიულ (გამომცემლებს/საგამომცემლო სახლებს) და საქართველოს მოქალაქე ფიზიკურ პირებს. კონკურსის ფარგლებში განიხილება კონკურსის გამოცხადების წინა წელს წიგნად გამოცემული თანამედროვე ქალი ავტორის/ების ქართულენოვანი ან/და ქართულ ენაზე თარგმნილი უცხო ენაზე შექმნილი ლიტერატურული ნაწარმოებები.
კონკურსში გამარჯვებულები გამოვლინდებიან შემდეგ ნომინაციებში:
• ქალი პროზაიკოსი – საუკეთესო პროზაული კრებულისთვის;
• ქალი პოეტი – საუკეთესო პოეტური კრებულისთვის;
• ქალი მთარგმნელი – საუკეთესო თარგმანისთვის;
• ქალის თემაზე შექმნილი საუკეთესო ნაწარმოების ავტორი.
თითოეულ ნომინაციაში პრემიის ოდენობა შეადგენს 5 000 ლარს. კონკურსის გამარჯვებულს ასევე გადაეცემა სიგელი. ერთი და იმავე პირის მიერ სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვების შემთხვევაში, პრემია გაიცემა თითოეული ნომინაციისთვის.
კონკურსში გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართება მიმდინარე წლის დეკემბერში.