ევროკომისიის ზაფხულის პროგნოზის თანახმად, ევროზონაში წლიური ინფლაცია საშუალოდ 7,6 პროცენტი იქნება. გაზაფხულისთვის ინფლაციის დონე 6,1 პროცენტის დონეზე იყო პროგნოზირებული.
უკრაინის ომისა და ენერგომატარებლებზე მაღალი ფასების ფონზე, ევროკომისია ევროზონაში რეკორდულ მაღალ ინფლაციას ელის - წელიწადში საშუალოდ 7,6 პროცენტს. ამის შესახებ ნათქვამია ევროკომისიის საზაფხულო პროგნოზში, რომელიც ხუთშაბათს, 14 ივლისს გამოქვეყნდა. გაზაფხულის პროგნოზით, მაისში, ინფლაციის დონემ 6,1 პროცენტი შეადგინა.
მთლიანობაში ევროკავშირში ექსპერტები ფასების ზრდას 8,3 პროცენტით პროგნოზირებენ - წინა პროგნოზის 6,8 პროცენტის ნაცვლად. ამავდროულად, 2023 წელს, ევროკომისიის ვარაუდით, ინფლაცია თითქმის განახევრდება: საშუალოდ 4 პროცენტამდე ევროზონაში და 4,6 პროცენტამდე მთელს ევროკავშირში.
რაც შეეხება ეკონომიკურ ზრდას, ევროკომისია ვარაუდობს, რომ 2022 წელს ევროკავშირის ეკონომიკა 2,7 პროცენტით გაიზრდება. ევროზონის ზრდა მოსალოდნელია 2,6 პროცენტით, რაც ოდნავ ნაკლებია (2,7%) მაისის პროგნოზის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით.
ზოგიერთი ეკონომისტი ევროპაში რეცესიას კრემლის მიერ ენერგიის მიწოდების შეწყვეტის გარეშეც გარდაუვალად მიიჩნევს, რადგან ინფლაცია, სავარაუდოდ, მაღალ დონეს შეინარჩუნებს. ეს ევროპის ცენტრალური ბანკის ამოცანას ართულებს, რომელიც რეფინანსირების განაკვეთის პირველ ზრდას ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში მხოლოდ ახლა იწყებს.