უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიუღებელი უწოდა კანადის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც ოტავა ბერლინს დაუბრუნებს "ჩრდილოეთის ნაკადის" გაზსადენის ტურბინას.
ტურბინის სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა კანადაში, მონრეალში, ობიექტზე, რომელიც გერმანულ Siemens-ს ეკუთვნის.
ზელენსკის თქმით, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების რეჟიმიდან გამონაკლისის დაშვება "სახიფათო პრეცედენტია".
"თუ ტერორისტულ სახელმწიფოს (რუსეთს) შეუძლია, სანქციების რეჟიმში გამონაკლისის გაკეთება აიძულოს, მაშინ რა გამონაკლისები შეიძლება მოისურვოს ხვალ თუ ზეგ? ეს ძალიან საშიში პრეცენდენტია და საშიშია არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ დემოკრატიული სამყაროს ყველა ქვეყნისთვის", - განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, კრემლის მიერ კანადის გადაწყვეტილება სისუსტის ნიშნად იქნება აღქმული.
"ახლა უკვე ეჭვგარეშეა, რომ რუსეთი შეეცდება, არა მხოლოდ მაქსიმალურად შეუზღუდოს გაზის მიწოდება ევროპას, არამედ სრულად შეუწყვიტოს. სწორედ ამისთვის უნდა მოვემზადოთ, ეს უკვე პროვოცირებულია. ასეთ პირობებში ყოველი დათმობა რუსეთის ხელმძღვანელობისთვის აღიქმება, როგორც სტიმული სამომავლო უფრო ძლიერი ზეწოლისთვის. რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ შესაძლებელია ამ გადაწყვეტილების გადახედვა. რუსეთი ენერგოსფეროში არასდროს თამაშობდა წესებით და არც ახლა ითამაშებს, თუ არ დაინახავს ძალას", - განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა კანადას მოუწოდა, გადახედოს თავის გადაწყვეტილებას.
ზელენსკის კრიტიკას გერმანიის მთავრობის წარმომადგენელი გამოეხმაურა. მისი განცხადებით, კანადის მიერ ტურბინის დაბრუნება არ არღვევს ევროკავშირის სანქციებს, რადგან ის არ ეხება გაზის მიწოდებას. მანამდე, მსგავსი შინაარსის განცხადება გააკეთა ევროკომისიამაც.
შეგახსენებთ, კანადამ გერმანიისთვის რუსული გაზსადენის ტურბინის დაბრუნების გადაწყვეტილება 10 ივლისს გამოაცხადა. ტურბინა "ჩრდილოეთის ნაკადი 1"-ის სრული დატვირთვით ასამუშავებლად არის განკუთვნილი. რუსული "გაზპრომი" აცხადებდა, რომ ტურბინის დაუბრუნებლობა გახდა რუსეთიდან გერმანიაში "ჩრდილოეთის ნაკადის" გაზსადენის გავლით ბუნებრივი აირის მოცულობის ნახევარზე მეტით შემცირების მიზეზი