საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა რუსეთი საერთაშორისო ვალდებულებების შეუსრულებლობაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა. მიხეილ სააკაშვილმა მოსკოვის მიერ შეუსრულებელ ვალდებულებებზე ამჯერად ეუთოს სამიტზე ისაუბრა.
"ჩვენ გვჭირდება საერთო ხედვა, რომ გავაძლიეროთ პრინციპები და თანამშრომლობა. დავძლიოთ საფრთხეები და შუღლი, რომ არ არსებობდეს ე.წ. გაყინული კონფლიქტები, რომლებიც ძირს უთხრის სტაბილურობას. დარწმუნებული ვარ, შეგვიძლია მნიშვნელოვანი პროგრესის მიღწევა, მაგრამ ვერ გავაკეთებთ ამას, თუ თქვენ თავს აარიდებთ სირთულეებსა დ პრობლემებს, რომლებიც ჩვენს წინაშე დგას", - მიმართა მიხეილ სააკაშვილმა სამიტის მონაწილეებს.
მისივე განმარტებით, საერთაშორისოდ აღიარებული ისეთი პრინციპები, როგორებიცაა "საზღვრების ხელშეუხებლობა" და "ადამიანის უფლებების პატივისცემა" "ზოგიერთი ქვეყნის მიერ ეუთოს წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე დღესაც ირღვევა".
"35 წლის წინ, ჰელსინკის აქტმა საერთაშორისო ურთიერთობის ისტორია შეცვალა. ჩამოყალიბდა პრინციპები "საზღვრების ხელშეუხებლობა", "კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარება", "ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობის დაცვა" და "ადამიანის უფლებების პატივისცემა". სამწუხაროდ, სამი ათწლეულის შემდეგ, ეს პრინციპები კვლავ ირღვევა ეუთოს წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე. გარდა ამისა, 11 წლის წინ, ეუთოს სტამბულის სამიტზე კიდევ სხვა პრინციპებიც იქნა მიღებული, რომლითაც რუსეთის მაშინდელმა პრეზიდენტმა ელცინმა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა კლინტონმა წერტილი დაუსვეს ცივ ომს და აიღეს ვალდებულებები. თუმცა ეს ვალდებულებები რომ შესრულებულიყო, ჩემი ქვეყანა დღეს გათავისუფლდებოდა უცხოური ჯარების ყოფნისგან. შეიცვალა დრო, განწყობა, თუმცა რუსეთმა ნაკისრი ვალდებულების იგნორირება მოახდინა, როგორც საქართველოსთან, ისე სხვა ქვეყნებთან მიმართებაში. პირიქით, რუსეთმა გაზარდა ჯარების რაოდენობა, რომლებიც უკანონოდ არის დისლოცირებული ჩემი ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში", - განმარტა სააკაშვილმა.
აღნიშნულის კონტექსტში, საქართველოს პრეზიდენტმა ეუთოს წევრ სახელმწიფოებს ე.წ. გაყინული კონფლიქტების მოგვარების პროცესში გააქტიურებისკენ მოუწოდა და განმარტა, რომ "თუ ყველა ამ პრინციპს ეუთო მკვდარ წერტილებად ჩათვლის, მისი უსაფრთხოების საკითხის ირგვლივ გაერთიანება სიკვდილისთვის იქნება განწირული".
"თუ ჩვენ ამას შევასრულებთ, მივაღწევთ პროგრესს და გავხდებით უსაფრთხოების ნამდვილი გაერთიანება, სადაც იქნება ნდობა. ეს ვალდებულებები უნდა შესრულდეს", - დასძინა სააკაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ასტანაში ეუთოს სამიტი მიმდინარეობს. სამიტზე პრეზიდენტ სააკაშვილი 10-წუთიანი მოხსენებით გამოვიდა.