ჩვენ თუ მოგვენიჭება კანდიდატის სტატუსი, ამ შემთხვევაში რადიკალური ოპოზიცია საერთოდ კარგავს ყოველგვარ საყრდენს პოლარიზაციისთვის, თუ არ მოგვენიჭება კანდიდატის სტატუსი დეკემბერში, ამ შემთხვევაში ყველამ ვიცით, რომ ზუსტად იმავეს ეცდებიან, რაც სცადეს ერთი კვირის წინ, ერთხელ ჩაუვარდათ, დეკემბერში იმავეს ეცდებიან თუ არ მოგვენიჭა, მერე კიდევ 6 თვეში იმავეს და ა.შ. მუდმივად ამ ჭიდაობის რეჟიმში უნდა იყოს. ჩვენ ვერაფერს გვიშვრებიან, მაგრამ ქვეყანა დაიღლება ამით - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, "ქართული ოცნება" 2024 წელს "პირწმინდად" დაამარცხებს "ნაციონალურ მოძრაობას".
"ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ აქამდე არ მივიდეს საქმე. თუ კანდიდატის სტატუსი მოგვენიჭება, ამ შემთხვევაში მათ პოლარიზების რესურსი პრაქტიკულად უნულდებათ და ასეთ პირობებში, იგივე იმ 2%-იანი ბარიერითაც, პირწმინდად დავამარცხებთ ნაცმოძრაობას 2024 წელს. საბოლოო ჯამში, პრაგმატულად ავწონეთ ყველაფერი. მიუხედავად იმისა, რომ რისკები პოლიტიკური სისტემის სტაბილურობის კუთხით აქვს 2%-იან ბარიერს, ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ თუ ასე განვითარდა მოვლენები, ანუ მოგვენიჭა კანდიდატის სტატუსი, აღარ ეძლევათ პოლარიზაციის საშუალება. საზოგადოება შეაფასებს ყველაფერს და 2024 წელს კიდევ ერთხელ ეტყვის უარს იმ პოლიტიკურ ძალებს, რომლებსაც უნდოდათ ამ ქვეყანაში არეულობა, ომი და უბედურება და მხარს დაუჭერს იმ პოლიტიკურ ძალას, რომელმაც ეს ყველაფერი აარიდა ქვეყანას თავიდან", - აცხადებს კობახიძე.