"დაგვეხმარეთ, რომ დაგეხმაროთ დეკემბერში ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებაში" - ეს არის ამერიკის შეერთებული შტატების სენატორ ჯინ შაჰინის გზავნილი საქართველოს მთავრობისადმი. სენატორმა შაჰინმა კომენტარი "ამერიკის ხმას" მადრიდის ნატოს სამიტის შემდეგ მისცა, სადაც ის საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, ამერიკელი კანონმდებლების დელეგაციასთან ერთად შეხვდა.
სენატორი შაჰინი ამბობს, რომ ესმის ქართველი ხალხის იმედგაცრუება, თუმცა აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობას გარკვეულ სფეროებში, ოპოზიციის და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით, რეფორმების გატარება სჭირდება.
"მესმის, რომ ქართველი ხალხი, რომელიც უდიდესი უმრავლესობით მხარს უჭერს ევროკავშირში გაწევრიანებას, იმედგაცრუებული იყო იმით, რომ უკრაინას და მოლდოვას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ, მაგრამ საქართველოს არა. საქართველომ დიდ პროგრესს მიაღწია კრიტიკული რეფორმების განხორციელების მიმართულებით ევროატლანტიკური მისწრაფებების დასაწინაურებლად. მაგრამ რჩება გარკვეული სფეროები, რომლებიც პროგრესს მოითხოვს. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მთავრობას შეუძლია ამ რეფორმების განხორციელებაში ოპოზიციურ პარტიებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან, ინკლუზიური პროცესის წარმართვით, პროგრესს მიაღწიოს".
სენატორი შაჰინი ევროკავშირის რეკომენდაციების განხორციელების აუცილებლობაზე საუბრობს და ამბობს, რომ ეს ადვილი არ იქნება, მაგრამ რეფორმების განხორციელება „საუკეთესო შანსია ქართველი ხალხისთვის ეკონომიკურად აყვავებული და დემოკრატიული მომავლის უზრუნველსაყოფად“.
სენატში არსებულ ფართომასშტაბიან მხარდაჭერაზე დაყრდნობით, სენატორი შაჰინი აცხადებს, რომ „შეერთებული შტატების მთავრობა სიამოვნებით დაუჭერს მხარს საქართველოს საჭირო ნაბიჯების გადადგმაში. ეს არის გადამწყვეტი მომენტი საქართველოსთვის, რომ ქვეყანამ გამოიყენოს შესაძლებლობა და გადადგას ნაბიჯები საქართველოს ევროკავშირის წევრობის გზაზე დასაყენებლად“.
სენატორი შაჰინი მთავრობას ინკლუზიური პროცესის წარმართვისკენ მოუწოდებს.
მისი თქმით, შეერთებულ შტატებში "არსებობს ფართომასშტაბიანი ორპარტიული მხარდაჭერა საქართველოს, მისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, განსაკუთრებით რუსეთის მხრიდან უკრაინაში არაპროვოცირებული და უკანონო შეჭრის ფონზე. ქართველი ხალხი თავს დაუცველად გრძნობს და მე ვიცი, რომ შეერთებულ შტატებში არსებობს მხარდაჭერა იმისთვის, რომ გავაკეთოთ ყველაფერი, რაც შეგვიძლია, რათა ხელი შევუწყოთ საქართველოს მთავრობას, წინ წაიწიოს ინკლუზიური რეფორმების ძალისხმევა. ჩვენი გზავნილია: „დაგვეხმარეთ იმაში, რომ დაგეხმაროთ“ დეკემბერში ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებაში".