არ არსებობს ბუნებაში ავტორიტარული რეჟიმი, რომელიც რაიმეს თმობს. იმიტომ არის ავტორიტარული, რომ თავად არაფერს თმობს. ვილაპარაკოთ იმაზე, რა უნდა გაკეთდეს, რომ მივაღწიოთ გათავისუფლებას ოლიგარქისგან, ოლიგარქიული მმართველობისგან და შესაბამისად, ეს უკვე უდრის ევროპულ პერსპექტივას, - განაცხადა „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ ტელეკომპანია პირველის ეთერში გადაცემა „რეაქციაში“.
მისი თქმით, შეუძლებელია ოლიგარქთან ერთად ცხოვრების გაგრძელება. ეს დიაგნოზი ძალიან მნიშვნელოვანია.
„დავსვათ პირველი დიაგნოზი, სწორი დიაგნოზი. რატომ ვამბობ ამას, თუ ვინმეს დარჩა ილუზია, რომ ოლიგარქით შეიძლება შეხვიდე ევროკავშირში, ან ოლიგარქით გააგრძელო სუნთქვა, ნორმალური ცხოვრება, ან ოლიგარქით, ამ მმრთველობით შეინარჩუნებებ, მარტო ევროპულ პერსპექტივაზე საუბარი არ არის, საერთოდ შემოსავალს, ღირსებას, თავისუფლებას, უსაფრთხოებას. აქ უნდა ვთქვათ ღიად და გულწრფელად, რომ შეუძლებელია ოლიგარქთან ერთად ცხოვრების გაგრძელება. ეს დიაგნოზი ძალიან მნიშვნელოვანია.
მეორე, ჩვენ ვართ ყველანი კონსოლიდირებული. შეიძლება იმ ხალხს, ვინც გამოსული იყო, არ მოვწონვართ, ჩვენი ვალია, ამის გარჩევა კი არ დავიწყოთ, შენ მე რატომ არ მოგწონვარ და მე მინდა ხელისუფლებაში მოსვლა, არამედ, ვთქვათ - მოდით, ევროპისთვის გავერთიანდეთ, დეოლიგარქიზაციისთვის გავერთიანდეთ და მერე თქვენ გქონდეთ თავისუფალი არჩევანი, ვინც გინდათ ის აირჩიოთ. ამას სჭირდება კომუნიკაცია ხალხთან.
და მეორე ამოცანა. მთელი ზაფხული, მთელი დრო, რაც დარჩა სექტემბრამდე, როცა პოლიტიკური სეზონი დაიწყება, აბსოლუტურად ყველა პოლიტიკოსი, სამოქალაქო აქტივისტი უნდა ვხოხავდეთ მთელ საქართველოში, იმიტომ რომ სალაპარაკო გვაქვს, ხალხნო, როგორ ვიხსნით ამ ქვეყანას ოლიგარქისგან.
მესამე. ჩვენ უნდა შევქმნათ დღის წესრიგი. დღეს ხშირად გვაქვს სიტუაცია რომ აი, კობახიძე იტყვის რაღაცა სისულელეს და მერე დავსხდებით და ვიტყვით, როგორ გვაკადრა. ყველაფერს გვაკადრებენ, დავანებოთ ამას თავი. შევქმნათ დღის წესრიგი, ვამხილოთ, დისკომფორტი შევუქმნათ, დავდოთ დღის წესრიგი რა უნდა გავაკეთოთ ევროკავშირისთვის. აი, ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ?
ოპოზიციამ ხალხს უნდა ვანახოთ, რომ ჩვენ ის კი არ გვინდა, რომ უბრალოდ მოვიდეთ, ჩვენ გვინდა, ამ ევროპულ პრინციპებზე შევქმნათ სახელმწიფო და მივიღოთ კანდიდატის სტატუსი.
შემდეგი ჩვენი ამოცანა არის სანქციებზე მუშაობა. არ უნდა მოვერიდოთ იმაზე ლაპარაკს, რომ პერსონალური სანქციები არის გამოსავალი ამ ქვეყნისთვის. გულს მიკლავს, როდესაც საქართველო ბელარუსთან ერთად რაიმე კონტექსტში არის ნახსენები, მაგრამ მე ჯობია გული მომიკვდეს დღეს და გამოვასწორო სიტუაცია, ვიდრე მოვიტყუო, რომ არ არის ეს სამართლიანი. შესაბამისად, რა არის გამოსავალი, ბელარუსისგან განსხვავებით, საქართველოს. საქართველოში ხალხმა და ოპოზიციამაც, აქტივისტებმაც იმას, რომ საქართველოს სანქცირებაზე კი არ მიდის ლაპარაკი, მიდის კონკრეტულად ოლიგარქიული მმართველობის სანქცირებაზე საუბარი. დასავლეთმაც დაინახა ის 150 000 ადამიანი, დაინახა უკრაინის სოლიდარობისთვის გამოსული ხალხი, დაინახა პროდასავლური ოპოზიცია, დაინახა პროდასავლური ჟურნალისტები, რომლებიც იდევნებიან და თქვა, რომ დიახ, მე ვკაფიოდ ამას ვყოფ და პერსონალური სანქციები უნდა იყოს კონკრეტულად ოლიგარქსა და მისი მმართველობის.
დაახლოებით 2 თვეა ამაზე ვმუშაობ და ამაზე საჯაროდაც ვლაპარაკობ. როცა ამაზე დავიწყე ლაპარაკი, ბევრი, მათ შორის, ჩემი მეგობარი, პარტნიორი მეუბნებოდა, რომ აზრი არ აქვს ამაზე ლაპარაკს, დღეს, ეს არის დღის წესრიგში საერთაშორისო დღის წესრიგში“, - თქვა ხოშტარიამ.