ქალაქს დანაგვიანებისგან გარემოს დაცვის ინსპექციის თანამშრომლები დაიცავენ. როგორც გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა, გოგა ხაჩიძემ მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყების წინ ჟურნალისტებს განუცხადა, ისინი ქუჩებში სპეციალური ავტომანქანებით იმოძრავებენ.
"გარემოს დაცვის ინსპექციის თანამშრომლებს ექნებათ ვიდეოკამერა, რომლის მეშვეობითაც ისინი ქალაქის დაბინძურების ფაქტებს დააფიქსირებენ და მათ საჭიროების შემთხვევაში, თუ მოქალაქეების მხრიდან რაიმე პრეტენზია იარსებებს, გამოვიყეებთ", - განაცხადა მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ კანონი, რომლის მიხედვითაც, ქუჩების დაბინძურება და ნაგვის გადაყრა ფინანსური ჯარიმებით ისჯება, ძალაში დღეიდან შევიდა.
კანონის თანახმად, ქალაქის დაბინძურების შემთხვევაში ქუჩაში ფეხით მოსიარულეები 50 ლარით დაჯარიმდებიან. იგივე რაოდენობის ჯარიმის გადახდა მოუწევთ იმ პირებსაც, რომლებიც ნაგავს ავტომანქანიდან გადაყრიან. რაც შეეხება საწარმოებს და კომპანიებს, დანაგვიანებისთვის მათი სანქცია 200 ლარს შეადგენს.