„ნაცმოძრაობამ“ ევროკავშირის თემის გამოყენებით კიდევ ერთხელ სცადა თავის წამოყოფა-მომძლავრება, თუმცა საბოლოო ჯამში, ეს მცდელობა ჩაუვარდათ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა.
კობახიძის განმარტებით, ეს ყველამ ნახა ბოლო აქციის შემდეგ და ასე უნდა გაგრძელდეს.
"ანუ, „ნაცმოძრაობას“ არ უნდა მივცეთ იმის საშუალება, რომ რამენაირად მოღონიერდეს. ასეთ შემთხვევაში, მერწმუნეთ, 2024 წლისთვის „ნაცმოძრაობა“ არსებითად დასუსტებული შეხვდება საპარლამენტო არჩევნებს. ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ „ქართული ოცნება“ არჩევნებში 60-70% -ს აიღებს?! დემოკრატიულ სისტემაში, რა თქმა უნდა, ასეთ შედეგს ვერც ერთი ხელისუფლება ვერ იღებს. მით უმეტეს, როდესაც უკვე 12 წელი იქნება გასული ხელისუფლებაში მოსვლიდან. რა თქმა უნდა, ეს ასე არ იქნება, მაგრამ „ნაცმოძრაობის“ დასუსტება ჯანსაღ ოპოზიციურ ძალებს მისცემს პოლიტიკაში თავის დამკვიდრების საშუალებას. ეს უნდა იყოს სასურველი შედეგი. დეპოლარიზაციისკენ გზაც ზუსტად ამაზე გადის, რომ „ნაცმოძრაობა“ ჩანაცვლდეს ჯანსაღი ოპოზიციური ძალებით პოლიტიკურ სისტემაში“, – განაცხადა კობახიძემ.