გერმანია მოკავშირეებთან ერთად უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებს განიხილავს, - აცხადებს გერმანიის კანლცერი ოლაფ შოლცი ტელეარხ ARD-ის ეთერში.
ამასთან, შოლცი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ეს უსაფრთხოების გარანტიები არ იქნება ისეთი, როგორსაც ნატოს წევრობა ითვალისწინებს.
"ჩვენს ახლო მოკავშირეებთან ერთად განვიხილავთ უსაფრთხოების გარანტიებს და რისი უზრუნველყოფა შეგვიძლია. ეს არის უწყვეტი პროცესი, მაგრამ ნათელია, რომ ის არ იქნება ისეთი, როგორიც ნატო-ს რომელიმე წევრის შემთხვევაში იქნებოდა", - თქვა შოლცმა.
კანცლერის განცხადებით, უსაფრთხოების გარანტიების განხილვის პროცესში კიევიც არის ჩართული.
"ეს არის ის, რაც ძალიან ფრთხილად მზადდება დიპლომატიურ სფეროში იმ დღისთვის, რომელიც იმედი მაქვს, მალე დადგება. კერძოდ, როდესაც ომი დასრულდება", - განაცხადა კანცლერმა შოლცმა.
მანამდე ნატოს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა, რომელიც არის საერთაშორისო უსაფრთხოების გარანტიების ჯგუფის წევრი, განაცხადა, რომ უკრაინას უსაფრთხოების გარანტიები უნდა მიეცეს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებამდე.