2 ივლისს, უზბეკეთის პრეზიდენტმა შავქათ მირზიოევმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა ქვეყნის შემადგენლობაში შემავალ ყარაყალპაყეთის რესპუბლიკაში.
პრეზიდენტის განკარგულებას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების თაობაზე დაეთანხმა უზბეკეთის პარლამენტის ორივე პალატა.
რეჟიმი 3 ივლისს ამოქმედდა და 2 აგვისტომდე იმოქმედებს.
სახელმწიფოს მეთაურმა ეს ნაბიჯი თანამოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფის, მათი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის, ასევე კანონისა და წესრიგის აღდგენის აუცილებლობით ახსნა.
ამავდროულად, მირზიოევმა განაცხადა, რომ აუცილებელია ქვეყნის კონსტიტუციაში ყარაყალპახეთის სუვერენიტეტის დაცვა.
"კონსტიტუციაში ცვლილებები ჯერ არ არის მიღებული, მხოლოდ საჯარო განხილვისთვისაა წარდგენილი. ხაზს ვუსვამ: ჩვენი მოქალაქეების სურვილის, წინადადებებისა და მოსაზრებების საფუძველზე ეს პროექტი შეიცვლება და დაიხვეწება", - განაცხადა მირზიოევმა.
როგორც იუწყებიან, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდე, ყარაყალპაყეთში საპროტესტო აქცია დაარბიეს და დემონსტრანტები მასობრივად დააკავეს. ამასთან, ვრცელდება დაუზუსტებელი ინფორმაცია რეგიონში არეულობების შედეგად დაშავებულებისა და დაღუპულების შესახებ.
ყარაყალპაყეთში საპროტესტო აქციები 1-ელ ივლისს უზბეკეთის კონსტიტუციის ახალი პროექტის გამოქვეყნების შემდეგ დაიწყო. ახალი პროექტის თანახმად, უქმდება ყარაყალპაკეთის სუვერენული სტატუსი და რესპუბლიკის შემადგენლობიდან გასვლის უფლება.
ყარაყალპაკეთს უზბეკეთის ტერიტორიის 40% უკავია და მასში დაახლოებით 2 მილიონი ადამიანი (უზბეკეთის მოსახლეობის 6,3%) ცხოვრობს.
გამოცემა "ხუკის" ცნობით, 2 ივლისს აქტივისტი დაულეტმურატ ტაჟიმურატოვი დააკავეს, რომელიც ერთი დღით ადრე მიტინგზე სიტყვით გამოვიდა და შემდგომი აქცია 5 ივლისს დააანონსა.
გუშინ, 2 ივლისს, ცნობილი გახდა რომ ნუქუსში ტაშკენტიდან ჩაფრინდნენ უზბეკეთის პრეზიდენტის შავქათ მირზიაევისა და პრემიერ-მინისტრ აბდულა არიპოვის თვითმფრინავები.
1930 წელს საბჭოთა ხელმძღვანელობამ ყარაყალპაყეთის ავტონომიური ოლქი უზბეკეთის საბჭოთა რესპუბლიკის შემადგენლობიდან გამოიყვანა და რუსეთის საბჭოთა ფედერაციულ რესპუბლიკას გადასცა.
1936 წელს ყარაყალპაყეთი უზბეკეთის საბჭოთა რესპუბლიკას დაუბრუნდა. 1936-1990 წლებში ყარაყალპაყეთი უზბეკეთის საბჭოთა რესპუბლიკის შემადგენლობაში შედიოდა.
უკვე 1990 წელს ყარაყალპაყეთის რესპუბლიკამ სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტი გამოაცხადა, თუმცა 1993 წელს ხელი მოეწერა შეთანხმებას უზბეკეთთან, რომლის მიხედვითაც რესპუბლიკა უზბეკეთის შემადგენლობაში შედიოდა 20 წლით, თუმცა რეფერენდუმის მეშვეობით გამოსვლის უფლებას ინარჩუნებდა.