ასტანაში ეუთოს სამიტი გაიხსნა. ამ წუთებში შეხვედრის ძირითადი ნაწილი მიმდინარეობს.
სამიტი ყაზახეთის პრეზიდენტმა ნურსულთან ნაზარბაევმა გახსნა, მის შემდეგ კი სამიტის მონაწილეებს გაეროს გენერალურმა მდივანმა პან გი მუნიმ მიმართა.
"ჩვენ შევიკრიბეთ ასტანაში, რათა განვაგრძოთ ერთობლივი სვლა ჩვენი ერების უსაფრთხოებისკენ. ჩვენ გადავდივართ თანამშრომლობის ახალ ეტაპზე, საუბარია უსაფრთხოების ერთიანი სივრცის შექმნაზე ოთხი ოკეანის ფარგლებში", - განაცხადა მისასალმებელ სიტყვაში ყაზახეთის პრეზიდენტმა.
მისივე განმარტებით, "ასტანის სამიტი აღადგენს სტამბულის შეხვედრის შემდეგ შეწყვეტილ ტრადიციას მაღალი დონის შეხვედრების ჩატარების შესახებ".
"ეს ორგანიზაციის აღორძინების ნიშანია", - განმარტა ნაზარბაევმა.
აღსანიშნავია, რომ სამიტს ორგანიზაციის წევრი და პარტნიორი სახელმწიფოების 61 წარმომადგენელი ესწრება, მათ შორისაა საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. ასტანაში იმყოფებიან რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი და გერმანიის კანცლერი ანგელა მერკერი.
ეუთოს სამიტის მონაწილეები ძირითადად კონფლიქტებზე იმსჯელებენ, მათ შორის განხილვის ერთ-ერთი თემა საქართველო-რუსეთის ომი და ამის შედეგად ოკუპირებული ტერიტორიები იქნება.