ფოტოგრაფი ნათელა გრიგალაშვილი UNESCO-ს საერთაშორისო ახალგაზრდული ფოტოკონკურსის ჟიურის წევრად მიიწვიეს.
"მოხარული ვარ, რომ წელს, UNESCO-ს საერთაშორისო ახალგაზრდული ფოტოკონკურსის ჟიურის წევრად მიმიწვიეს.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ახალგაზრდებს 14-25 წლამდე, შესაბამის ასაკობრივ და თემატურ კატეგორიებში. გადადით საიტზე, გაეცანით წესებს და აუცილებლად მიიღეთ მონაწილეობა", - წერს ნათელა გრიგალაშვილი სოციალურ ქსელში.
ნათელა გრიგალაშვილი არის დამოუკიდებელი დოკუმენტური ფოტოგრაფი და ყოფილი ფოტორეპორტიორი და კინოოპერატორი. გრიგალაშვილი 2007 წელს ქართულ ფოტოგრაფიაში შეტანილი წვლილისთვის დაჯილდოვდა ალექსანდრე როინიშვილის პრემიით.
დააარსა ფოტოკლუბები ჯავახეთში (2014), პანკისის ხეობაში (2015) და აჭარაში (2016).
2015 წელს ნათელა გრიგალაშვილის ინიციატივით შეიქმნა დოკუმენტური ფოტოგრაფიის პირველი სააგენტო "Kontaktphoto". სააგენტოს მიზანია ფოტოგრაფებისთვის ხელშეწყობა ყველა ეტაპზე. სააგენტო მხარს უჭერს ჯგუფურ და ინდივიდუალურ ფოტოპროექტებს, რომელთაც აქვთ დოკუმენტური და ჰუმანური ხედვა, რომლებშიც აისახება დღევანდელი ყოფა, თანამედროვე სამყარო და ადამიანი ამ სამყაროში.
სააგენტოს მიზანია, აგრეთვე, ხელი შეუწყოს საქართველოში ფოტოგრაფიის განვითარებას, ჩაატაროს სემინარები, მასტერკლასები და მოაწყოს შეხვედრები.
მისი ცნობილი ფოტოსერიებია: „დედაჩემის წიგნი“, „დუხობორების მიწა“, „თაგვების სოფელი“, „ცხოველების მარკეტი“, „ეთნიკური უმცირესობები საქართველოში“ და „პანკისის ხეობის ქალები“.