ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა მადრიდში, ნატოს სამიტის დაწყებამდე, კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ რუსეთი პირდაპირი საფრთხეა ალიანსის წევრი ქვეყნების უსაფრთხოებისთვის.
სტოლტენბერგის განცხადებით, რუსეთის მიერ გაჩაღებული ომი წარმოადგენს "უსაფრთხოების უდიდეს კრიზისს" ბოლო ათწლეულების განმავლობაში და "ყველაზე დიდ გამოწვევას", რომლის წინაშეც ნატო აღმოჩენილა თავისი ისტორიის განმავლობაში.
სტოლტენბერგმა მადრიდში ნატოს სამიტს უწოდა "ისტორიული", რადგან ის გამოიწვევს "კოლექტიური თავდაცვის ყველაზე დიდ რესტრუქტურიზაციას ცივი ომის შემდეგ".
სავარაუდოდ, ალიანსი ახალ სტრატეგიულ კონცეფციას წარადგენს მიმდინარე სამიტზე.
"ჩვენი ახალი კონცეფცია მიგვიყვანს სტრატეგიული კონკურენციის ეპოქაში. ეს ნათლად აჩვენებს, რომ ალიანსი რუსეთს აღიქვამს, როგორც ყველაზე მნიშვნელოვან და პირდაპირ საფრთხეს ჩვენი უსაფრთხოებისთვის", - განაცხადა სტოლტენბერგმა სამიტის გახსნის წინ.
"მანამდე ალიანსი მოსკოვს "სტრატეგიულ პარტნიორად" მიიჩნევდა, - 2010 წლიდან ეს ალიანსის კონცეფციაშია ჩაწერილი", - დასძინა გენერალურმა მდივანმა.
სტოლტენბერგის თქმით, პარტნიორობაზე უარი თავად რუსეთმა თქვა, როდესაც კონფრონტაციის გზა აირჩია.
"რუსეთი ჩამოშორდა პარტნიორობასა და დიალოგს, რომლის დამყარებას ნატო მრავალი წელია ცდილობს. დიალოგის ნაცვლად დაპირისპირება აირჩიეს. ჩვენ ვწუხვართ, მაგრამ რა თქმა უნდა, ამ რეალობას უნდა ვუპასუხოთ. და ეს არის ზუსტად ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ - ფუნდამენტური ცვლილება ჩვენს შეკავებასა და თავდაცვაში", - განაცხადა სტოლტენბერგმა.
გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ ნატო გაზრდის თავისი სწრაფი რეაგირების ძალების რაოდენობას 40 000-დან 300 000-ზე მეტ ჯარისკაცამდე. ეს ძალები უკვე თვეებია მზადყოფნაში იმყოფებოდნენ რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის ფონზე.
სტოლტენბერგის თქმით, ალიანსის მთავარი პრიორიტეტი აღმოსავლეთ ფლანგის დაცვაა.
"ნატოს რამდენიმე სამხედრო ჯგუფი აღმოსავლეთ ევროპაში გაძლიერდება ბრიგადის დონეზე და გადაიქცევა რამდენიმე ათასიან ტაქტიკურ ჯგუფებად", - თქვა სტოლტენბერგმა.