რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სანქციების სია გააფართოვა და მასში კიდევ 25 ამერიკელი შეიყვანა, მათ შორის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ცოლი ჯილ ბაიდენი და ქალიშვილი ეშლი ბაიდენი.
მოსკოვის განცხადებით, სანქცირებულთა სიას ასევე დაემატნენ სენატორები და მეცნიერები, რომლებიც "პასუხისმგებელნი არიან რუსოფობიური კურსის ჩამოყალიბებაზე". ამ მიზეზით, სანქციები სხვათა შორის, დაუწესდა სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორს ფრენსის ფუკუიამას.
სანქცირებულ პირებს რუსეთში შესვლა ეკრძალებათ.
ბოლო ნაბიჯით, რუსეთის მიერ სანქცირებულ ამერიკელთა რაოდენობამ 1048-ს მიაღწია. მანამდე, კრემლმა სანქციები დაუწესა პრეზიდენტ ჯო ბაიდენს, მის ვაჟს ჰანტერს, ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს, სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენს, ყოფილ სახელმწიფო მდივანს ჰილარი კლინტონს, Meta-ს აღმასრულებელ დირექტორს მარკ ზაკერბერს, ასევე კონგრესმენებსა და სენატორებს.