2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი კიდევ 30 მილიონი ლარით იზრდება. მისი საერთო მოცულობა 7 მილიარდ 100 მილიონი ლარით განისაზღვრა. ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანმა გია ხუროშვილმა მომავლი წლის ბიუჯეტის პარლამენტში შეტანის შემდეგ განუცხადა.
"მთავრი პრობლემა, რომელიც 2011 წლის ბიუჯეტის განხილვის დროს გამოიკვეთა, იყო ჯანდაცვის პროგრამების უფრო მეტი გამჭვირვალეობა და მათი დასაბუთება საბიუჯეტო კანონში. აღნიშნული შენიშვნა მთავრობამ სრულად გაითვალისწინა. აღდგენილია ჯანდაცვის ყველა პროგრამა, რომელზედაც საუბარი იყო პარლამენტში, შესაბამისად აქვე გაიწერა, რა მიმართულებით იქნება ხარჯი გაწეული და ამის გათვალისწინებით შეკითხვები, ვფიქრობ, აღარ უნდა არსებობდეს", - აღნიშნა ხუროშვილმა.
მისი თქმით, მიუხედავად საპარლამენტო უმცირესობასთან აზრთა სხვადასხვაობისა, მთავრობამ იმსჯელა მათ მიერ გამოთქმულ შენიშვნებზე და გაითვალისწინა ზოგიერთი მათგანი, კერძოდ: გაიზარდა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაზარალებული ოჯახებიდან სტუდენტების სწავლის დაფინასება, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ბავშვები, რომელთა ოჯახებს 70 ათასამდე ქულა აქვთ მინიჭებული, უფასოდ მიიღებენ სახელმძღვანელოებს.
"შეიძლება საზოგადოებას გაუჩნდეს კითხვა, თუ ეს ფული არსებობდა, რატომ თავის დროზე არ მოხდა აღნიშნული პროგრამების განხორციელება. კიდევ ერთხელ დაახლოებით 10 %-ით მოვახდინეთ ე. წ. ადმინისტრაციული ხარჯების შემცირება და აქედან მობილიზებული 30 მილიონი სხვადასვა სოცილურ პროგრამაზე განაწილდა", - აღნიშნა ხუროშვილმა.
მთავრობის საპარლამენტო მდივნის ინფორმაციით, 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი მიმდინარე კვირას საკომიტეტო მოსმენებზე გავა, ხოლო 17 დეკემბერს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე დაამტკიცებს.